Accentnews.ge
სახალხო დამცველობის კანდიდატი: "2005 - 2017 წლებში ეკლესიაში ვიყავი და არც კი ჩამიხედავს კანონში"

სახალხო დამცველობის კანდიდატი: "2005 - 2017 წლებში ეკლესიაში ვიყავი და არც კი ჩამიხედავს კანონში"

31/10/2022 10:35:22 საზოგადოება

სახალხო დამცველობის კანდიდატი ლევან კოკორაშვილი აცხადებს, რომ წლების განმავლობაში ეკლესიაში იმყოფებოდა და კანონმდებლობასთან შეხება არ ჰქონია. ამის შესახებ მან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მოსმენისას განაცხადა.

ომბუდსმენობის კანდიდატმა შემფასებელთა ჯგუფის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა და იმაზე ისაუბრა, ადრე რა მიმართულებით უმუშავია. სახალხო დამცველობის კანდიდატების შემფასებელი კომისიისგან მას 53 ქულა ერგო. მაქსიმალური ქულა, რომელიც კანდიდატად წარდგენის მსურველს შეეძლო მიეღო, 360-ს შეადგენდა.

მისი თქმით, იგი 2005-2017 წლებში “განსხვავებულ სფეროში” იყო და “არანაირი იურისპრუდენცია და სამართალი არ არსებობდა” მის ცხოვრებაში. როგორც სახალხო დამცველობის კანდიდატმა მოგვიანებით დააზუსტა, მან ეკლესიას იგულისხმა:

“ჩემი აზრით, შემფასებელთა ჯგუფს ხელმისაწვდომობა უნდა ჰქონოდა და მაგალითად, ამოეღო გახმაურებული საქმეები, რომლებშიც მონაწილეობა მიმიღია და მოგებით დამიმთავრებია. თუნდაც 2004 წელს გურჯაანის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მიცვალებულით გზის გადაკეტვის შემთხვევა - 83 წლის ქალი ბოსტანში მოკლეს და მისი შვილი, 25 წლის ბიჭი უკანონოდ დააპატიმრეს. შემდეგ მე გავამართლე და ის ქალი ვეღარ გავაცოცხლე. იმ ქალის მკვლელობისთვის პასუხი არავის უგია. ასევე შემფასებელთა ჯგუფს შეეძლო ამოეღო ჩემი საქმე პანკისის ხეობაში ცეზარ ბორჩაშვილი მთელი ბრახა-ბრუხით რომ დააპატიმრეს და ომი მოუწყო თავად შს სამინისტრომ, შევარდნაძემ და კობა ნარჩემაშვილმა რომ აქ ვერტმფრენით ჩამოაფრინეს, დააპატიმრეს და პატიმრობის [წინასწარი პატიმრობის] 9 თვიანი ვადა მე-10 თვემდე გაუგრძელეს. გავათავისუფლე, შემდეგ გავამართლე. ეს საქმე ამოეღოთ და ა.შ. ამით ემსჯელათ თუნდაც ჩემი ცოდნის შესახებ. [...] მე ეკლესიაში ვიყავი მთელი ეს წლები და საერთოდ არც კი ჩამიხედავს კანონში და არანაირად არ შევხებივარ კანონმდებლობას და სამართალს, საერთოდ ცხოვრებას. აქაურ, მიწიერ თქვენს ცხოვრებას საერთოდ არ ვეხებოდი არანაირად. მე ჩემი სფერო მქონდა და ამ მიმართულებით ვცხოვრობდი”.

ლევან კოკორაშვილის თქმით, უკანასკნელ წლებში დაუბრუნდა იურიდიულ საქმიანობას:

“2017 წლიდან განვაახლე, ვაახლებ და ვაახლებ ყოველ დღე”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S