პრიგოჟინმა პეტერბურგის გუბერნატორი "მიზანში" ამოიღო
31/10/2022 10:28:42 მსოფლიო
კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ზედიზედ მეორე დღეა, რუსეთის გენერალურ პროკურატურას მიმართავს. 30 ოქტომბერს კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა YouTube-ის დაბლოკვა მოითხოვა, დღეს კი პეტერბურგის გუბერნატორის ალექსანდრე ბეგლოვის შემოწმება.
პრიგოჟინის კომპანია „კონკორდეს“ პრესსამსახურის ცნობით, ბიზნესმენმა გენერალურ პროკურატურას გაუგზავნა განცხადება ბეგლოვის შემოწმებასთან დაკავშირებით სანქტ-პეტერბურგის ტერიტორიაზე "ორგანიზებული კრიმინალური თემის" შექმნის შესაძლო ფაქტის შესახებ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პრიგოჟინი საჯარო დაპირისპირებაში შედის პეტერბურგის გუბერნატორთან. მედია იხსენებს, რომ 2022 წლის დასაწყისში ბეგლოვის კრიტიკა დაიწყო პეტერბურგის მედიაში თოვლისგან ცუდად გაწმენდის გამო. ხოლო „ლენინგრადის“ ჯგუფის ლიდერმა სერგეი შნუროვმა ბეგლოვის კრიტიკის კლიპიც კი ჩაწერა, სავარაუდოდ, პრიგოჟინის დაკვეთით. თავდაპირველად „ვაგნერის“ მფლობელმა უარყო, რომ გუბერნატორის კრიტიკის უკან თავად იდგა. თუმცა, მოგვიანებით პრიგოჟინმა ინტერვიუ მის მიერ კონტროლირებად გამოცემას მისცა, რომელშიც მან პირადად გააკრიტიკა ბეგლოვი და მას "ტირანი გუბერნატორი" უწოდა.
როდესაც პუტინი სანკტ-პეტერბურგში თებერვლის დასაწყისში ჩავიდა, ბეგლოვს არ შეხვედრია. შემდეგ გუბერნატორმა თქვა, რომ მის წინააღმდეგ კამპანია „გავლენიანმა ადამიანებმა“ წამოიწყეს. იმ დროს ბეგლოვის გადადგომას კრემლში სერიოზულად განიხილავდნენ, – წერს „მედუზა“. თუმცა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „შეაჩერა“ ყველა საკადრო გადაწყვეტილება. ამ ხნის განმავლობაში ბეგლოვმა მოახერხა რეაბილიტაცია პრეზიდენტის თვალში. „სამხედრო ოპერაციის აქტიური მხარდაჭერის წყალობით, გუბერნატორმა შეძლო თანამდებობის შენარჩუნება“, – აღნიშნავს „მედუზა“.
თუმცა, კონფლიქტი ბეგლოვსა და პრიგოჟინს შორის არ დასრულებულა. ოქტომბრის დასაწყისში ბიზნესმენმა გუბერნატორი უკრაინაში ომის მონაწილეთა უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა.
„ბეგლოვი მხარს უჭერს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს“, - ამბობდა პრიგოჟინი.


