
ნინო დოლიძე: "მმართველი პარტიის შემომწირველები შემდგომში ტენდერებში იმარჯვებენ"
31/10/2022 08:39:51 პოლიტიკა, საზოგადოება
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორის ნინო დოლიძის განცხადებით, "მმართველი პარტიის შემომწირველები შემდგომში ტენდერებში იმარჯვებენ".
მისი თქმით, საარჩევნო პერიოდში გამოკვეთილ მთავარ პრობლემებს შორისაა: არათანაბარი პირობები, არათანაბარი ფინანსური რესურსები და დაფინანსების გაუმჭვირვალობა.
„რამდენიმე პრობლემაზე ვსაუბრობთ, რომელიც საარჩევნო პერიოდში იკვეთება. პირველი, ეს არის არათანაბარი ფინანსური რესურსები მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის. გასული წლის არჩევნებს თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ მმართველი პარტიის ჯამური თანხა აღემატებოდა სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების თანხას ერთობლივად. ასევე, ყოფილა შემთხვევები, როდესაც შემომწირველები საუბრობენ, რომ ზეწოლა ხორციელდებოდა მათზე. ასევე იყო შემთხვევა, როცა საუბრობდნენ, რომ მმართველი პარტიის შემომწირველები შემდგომში არიან მმართველი პარტიიდან ტენდერებში გამარჯვებული ადამიანები", – აცახდებს დოლიძე.
მისი თქმით, ზემოთხსენებულს სჭირდება გამოძიება:
"აუდიტის სამსახური ცდილობს ამ გამოწვევებთან დაკავშირებით იმუშაოს, თუმცა რესურსისა და შესაბამისი მანდატის არქონა განსაზღვრავს იმას, რომ ისინი ვერ ახერხებენ სიღრმეებში წასვლას, რადგან ეს გამოძიებასთან არის დაკავშირებული".
რაც შეეხება დაფინანსების გაუმჭვირვალობას, როგორც მან აღნიშნა, "იმ ადამიანების ანაზღაურება, რომლებიც კოორდინატორებად არიან ჩართული, ხშირად არის „ხელზე“, ესეც აჩენს იმის რისკებს, რომ ბოლომდე არ იყოს დეკლარირებული ის თანხები, რომელსაც პარტიები კოორდინატორებზე გასცემენ“.
მისი თქმით, პრობლემატურია ასევე, საარჩევნოდ რეკლამების განთავსება სოციალურ ქსელში:
„პრობლემად რჩება არაოფიციალური ნაწილი, როდესაც ანონიმური გვერდები, რომლებიც პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ ფუნქციონირებენ, სათანადოდ არ ადეკლარირებენ იმ თანხებს, რომელსაც ხარჯავენ".
ცნობისთვის: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დისკუსიას მართავს თემაზე, „პოლიტიკური ფინანსები საქართველოში“. დისკუსიაში პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.