თადასხმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე: ISW–ის ანალიზი
31/10/2022 07:07:32 მსოფლიო
სევასტოპოლში, 29 ოქტომბრის დილით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეეძლოთ თავდასხმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის „ადმირალი გრიგოროვიჩის“ კლასის ფრეგატზე საზღვაო დრონების გამოყენებით, – ვარაუდობს ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) თავის ყოველდღიურ მიმოხილვაში.
ექსპერტები წერენ, რომ სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩან ან დრონები, რომლებიც ურტყამს ამ კლასის ერთ-ერთ ფრეგატს. სურათებზე ასევე ჩანს კვამლი სევასტოპოლში და რუსული საჰაერო თავდაცვის ამუშავება, რომელიც საჰაერო სამიზნეებს ესვრის.
სამხედრო ხომალდები ომის დროს ლეგიტიმურ სამიზნედ ითვლება,– აღნიშნავს ISW და არ იზიარებს რუსეთის კვალიფიკაციას „ტერორისტულ თავდასხმაზე“.
უკრაინის შესაძლო გადაწყვეტილება ფრეგატზე დარტყმის შესახებ ლოგიკურია რუსული დრონების და რაკეტების მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მძიმე თავდასხმების გათვალისწინებით, – ამბობენ ამერიკული ინსტიტუტის ექსპერტები.
„კიევს რომ გაეცა მსგავსი თავდასხმის ბრძანება, ეს იქნებოდა პროპორციული და თავშეკავებული პასუხიც კი რუსეთის მიერ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრაინაში სამოქალაქო სამიზნეების მასიურ დაბომბვაზე“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
უკრაინის ხელისუფლებას არ აუღია პასუხისმგებლობა შაბათს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებზე მომხდარ თავდასხმაზე.
განიცადა თუ არა მნიშვნელოვანი დაზიანება რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებმა, გაურკვეველია, – აცხადებს ISW.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „ივან გოლუბეცმა“ მცირე დაზიანება მიიღო. რუსი ოფიციალური პირები არ აღიარებენ ფრეგატის შესაძლო დაზიანებას.
რუსეთის შავი ზღვის ფლოტში „ადმირალ გრიგოროვიჩის“ გარდა, არის პროექტის 11356P Burevestnik-ის კიდევ ორი ფრეგატი: „ადმირალ ესენი“ და „ადმირალ მაკაროვი“.
29 ოქტომბრის ღამეს და დილას სევასტოპოლში აფეთქებების და სროლის ხმები ისმოდა.
მოგვიანებით, ქალაქის რუსეთის ხელისუფლებამ და რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე "ტერორისტული თავდასხმის" შესახებ. მათივე ცნობით, თავდასხმაში ჩართული იყო ცხრა უპილოტო საფრენი აპარატი და შვიდი ავტონომიური საზღვაო დრონი.


