
ერევანში სომხეთის პირველი მსოფლიო სამიტი გაიხსნა
29/10/2022 11:54:52 კავკასია
28 ოქტომბერს ერევანში პირველი მსოფლიო სომხური სამიტი გაიხსნა. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მეუღლესთან ანა აკობიანთან ერთად მონაწილეობა მიიღო სომხეთის ეროვნულ გალერეაში გამართულ გახსნის ცერემონიაში, - ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ყარაბაღის ლიდერი, სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი, უშიშროების საბჭოს მდივანი, დიასპორის საკითხებში მთავარი სრულუფლებიანი წარმომადგენელი, სომხური დიასპორის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.
პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ "სომხეთ-დიასპორის დიალოგის კონტექსტში ეს სამიტი მართლაც დროულია და მნიშვნელოვანი".
"მსოფლიოს სომხური სამიტი მართლაც მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით - დღეს, როდესაც ყველასთვის ნათელია, რომ განურჩევლად ჩვენი ნებისა, სომხეთ-დიასპორის ურთიერთობები განიცდის ღრმა შინაარსობრივ, სოციალურ-ფსიქოლოგიურ და საორგანიზაციო ცვლილებებს. ეს ცვლილებები ხდება არა იმიტომ, რომ ეს ვიღაცას სურს, არამედ იმიტომ, რომ ამცვლილელებს გლობალური პროცესები იწვევს. ამ ცვლილებებს არაფერი აქვს საერთო არც 2018 წელს სომხეთში მომხდარ რევოლუციასთან, არც 2020 წლის 44-დღიანი ომის ტრაგდეიასთან. რევოლუციაც და ომიც ჩვენთვის იყო საბაბი იმ ცხადი გარემოების კონსტატაციისთვის, რომ დრო უცილობლად ახდენს გავლენას სომხური დიასპორის როგორც შინაარსზე, ისე არსზე. [....] მსოფლიო სომხები - ეს დიდი პოტენციალია და ქვეყანას, იმგვარი მსოფლიო რესურსით, როგორიც სომხეთს აქვს, არ უნდა ჰქონდეს ის პრობლემები, რომლებიც სადღეისოდ გაგავაჩნია. რაკი გაგვაჩნია, მაშასადამე, რაღაცას არასწორად ვაკეთებდით და ვაკეთებთ, როგორც თავად სომხეთში, ისე სომხეთ-დიასპორის ურთიერთობებში. ჩვენი სამიტი იმართება იმ ფონზე, როდესაც მრავალი წარმოდგენა და ოცნება მსოფლიოზე, რეგიონზე და თავად სომხეთზეც შეირყა, რიგ შემთხვევებში კი დაიმსხვრა კიდეც. ჩვენი წინადადება და იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ვცადოთ ახალი შესაძლებლობების მოძიება და სომხეთის რესპუბლიკა ვაქციოთ პლატფორმად ახალი იდეების, მიდგომების, ოცნებების ფორმირებისა და განვითარებისთვის, პლატფორმად, რომლის საყრდენი იქნება დამოუკიდებელი, სუვერენული, უსაფრთხო, თავისუფალი, განვითარებული, დემოკრატიული სომხეთი. [...] ეს სამიტი მოწოდებულია, იქცეს პლატფორმად და შეხვედრის ადგილად ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ და მზად არიან, აქციონ სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ინტერესები საერთო სომხურ დღის წესრიგად და საკუთარი წვლილი შეიტანონ ამ ინტერესების რეალიზებაში, ახალ გამოწვევებთან შესაბამისობაშინ მყოფ სტრატეგიულ და ინსტიტუციურ განვითარებაში" - განაცხადა ფაშინიანმა.
ცნობისთვის: სამიტი 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ღონისძიების დღის წესრიგშია ისეთი თემები, როგორიცაა ეროვნული უსაფრთხოება, სომხეთის ინტერესების დაცვა, სამშობლოს სტრატეგიული ტერიტორიების განვითარება, რეპატრიაცია, ინვესტიციების მოზიდვა, სომხური ინტერესების დაცვა, დიასპორის თვითორგანიზება და სხვა. სამიტს 50-ზე მეტი ქვეყნიდან 600-მდე მონაწილე ესწრება. სამიტზე დაგეგმილია 15-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტი სპიკერის გამოსვლა.