
საპატრიარქომ მედიისთვის რეგულაციები შემოიღო
28/10/2022 11:57:15 საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქოში 28 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ საპატრიარქოს სხვადასხვა ღონისძიების გასაშუქებლად მედიისთვის შემოღებული იქნება რეგულაციები. მათ შორის იგულისხმება წინასწარი აკრედიტება, რიგ შემთხვევებში კი საპატრიარქო თავად გადაწყვეტს ღონისძიებაზე მედიის დასწრების საკითხს.
„გამომდინარე იქიდან, რომ მედიის ზოგიერთი წარმომადგენელი არ იზიარებს საპატრიარქოს მიდგომას, შესაბამისად არ იცავს წესრიგს, რომელიც ეფუძნება კანონს, საპატრიარქოში მიღებულია გადაწყვეტილება, ვისარგებლოთ კანონიერი უფლებით, მსგავსად სხვა უწყებებისა თუ ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის დავაწესოთ ვითარების შესაბამისი რეგულაცია საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში, რაც გამომდინარე საჭიროებებიდან, ზოგ შემთხვევებში, განსაკუთრებით დიდ დღესასწაულებზე, აკრედიტაციის წესის გამოყენებასაც გულისხმობს", - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
მისი თქმით, საპატრიარქოს საკუთრების უფლება ანიჭებს შესაძლებლობას, "თავად განსაზღვროს მის ტერიტორიაზე ქცევის წესი". შესაბამისად, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქო მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, რის საფუძველზეც წინასწარ შეატყობინებს საზოგადოებას და მედიას ინფორმაციას რეგულაციების თაობაზე.
ჯაღმაიძის თქმით, რეგულაციები მიმართულია საღვთო მსახურების სათანადო წესით ჩატარების უზრუნველსაყოფად:
"შესაბამისად, აუცილებელი იქნება, ჟურნალისტმა დაიკავოს მედიისთვის გამოყოფილი ადგილი, რიგ შემთხვევაში საპატრიარქო დაიტოვებს უფლებას, გააკონტროლოს მედიის დასწრების საკითხი".
საპატრიარქოში გამართულ პრესკონფერენციაზე, სხვადასხვა დროს, რელიგიურ დღესასწაულებსა თუ საპატროარქოსთან დაკავშირებული თემების შესახებ სიუჟეტების მომზადებისას მედიის ცქევის ამსახველი ვიდეოკადრები უჩვენეს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით ეს ვიდეო მედიის იმგვარ საქციელზე მეტყველებს, რაც საფუძვლად დაედო საპატრიარქოს გადაწვეტილებას ეზრუნა რეგულაციების შემოღებაზე.
ცნობისთვის: საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე არ შეუშვეს "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი.