
აშშ-ის ოთხი შტატი უკანონოდ მიიჩნევს საქართველოდან მოქმედი ვირტუალური კაზინოს საქმიანობას
28/10/2022 11:02:40 საზოგადოება
აშშ-ის ოთხი შტატის (ტეხასი, ნიუ-ჯერსი, კენტუკი და ალაბამა) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი „უკანონოდ და თაღლითურად“ მიიჩნევს საქართველოდან მოქმედი ვირტუალურ კაზინო Slotie-ის NFT საქმიანობას.
აშშ-ის მარეგულირებლები თვლიან, რომ არაჩანაცვლებადი ტოკენი (non-fungible tokens NFT), რომელსაც ვირტუალური კაზინო სთავაზობს, სინამდვილეში არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდებია, რომლებიც აშშ-ის კანონმდებლობის დარღვევითაა გამოშვებული.
თუ Slotie ამერიკის ამ შტატებში საქმიანობას არ შეაჩერებს, კაზინოს ოპერატორებს ჯარიმა ან საპატიმრო სასჯელი ელით, რაც 2-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თავად კომპანიაში განაცხადეს, რომ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით იურისტებთან კონსულტაციებს გადიან და იმედოვნებენ, რომ ყველა სირთულეს დაძლევენ:
„ჩვენი დაჟინება და ერთიანობა მნიშვნელოვანია. გმადლობთ მხარდაჭერისთვის!“ .
NFT (Non fungible token - შეუცვლელი, ჩაუნაცვლებელი ტოკენი) იგივე ჟეტონია. NFT შეიძლება, გახდეს ნებისმიერი ციფრული ან ფიზიკური ობიექტის ( ვიდეოფაილი, იახტა) ჩანაწერი ბლოკჩეინში.
ბლოკჩეინი არის მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ციფრული ნივთის ყიდვისა და გაყიდვის შესახებ, იქნება ეს ერთი NFT ციფრული ტოკენი თუ ერთი Ethereum.