პუტინი: "ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე იქნება მანამ, სანამ ბირთვული იარაღი იარსებებს"
27/10/2022 17:55:07 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გეგმავს, თუმცა იქვე დასძენს, რომ "ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე იარსებებს მანამ, სანამ ბირთვული იარაღი იარსებებს".
მან დასავლეთის მთავრობები რუსეთის წინააღმდეგ „ბირთვულ შანტაჟში“ დაადანაშაულა.
„ჩვენ არასოდეს მიზანმიმართულად არაფერი გვითქვამს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ. დასავლეთი თეზისს "რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს" იყენებს იმისათვის, რომ გავლენა მოახდინოს ნეიტრალურ ქვეყნებზე და ისინი მოსკოვის წინააღმდეგ განაწყოს. რუსეთის სამხედრო დოქტრინა ბირთვული იარაღის გამოყენებას მხოლოდ თავდაცვითი მიზნებისთვის უშვებს", – განაცხადა პუტინმა.
როგორც დასავლური მედია იუწყება, მოსკოვის მიერ ბოლო კვირების განმავლობაში განხორციელებულმა ქმედებებმა, რომელთა შორისაა "ბინძური ბომბის" თაობაზე ბრალდებები, თავდასხმები უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და წვრთნები, მათ შორის ბირთვული ძალების მონაწილეობით, გაზარდა შეშფოთება რუსეთის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ.
გაზრდილი შეშფოთების მიუხედავად, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე ვერ ხედავენ მტკიცებულებას, რომ მოსკოვი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება.


