![„მინდა, ტკივილი გავიზიარო“: უკრაინის შეიარაღებულ ძალებში საქართველოს და რუსეთის მოქალაქების მქონე ბლოგერი მსახურობს [ვიდეო]](https://www.accentnews.ge/storage/files/RIAN_6340516.HR-pic905-895x505-74748.jpg)
„მინდა, ტკივილი გავიზიარო“: უკრაინის შეიარაღებულ ძალებში საქართველოს და რუსეთის მოქალაქების მქონე ბლოგერი მსახურობს [ვიდეო]
27/10/2022 12:30:23 საზოგადოება
უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში მსახურობს საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირი, ფიტნეს–ინსტრუქტორი, ბლოგერი სოსო ღლონტი, რომელიც უკრაინაში ჯერ კიდევ ომამდე ჩავიდა.
როგორც ახალგაზრდა კაცი Настоящее Время–სთან აღნიშნავს, ცხოვრების უმეტესი ნაწილი რუსეთში გაატარა, იქ მონაწილეობდა ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ აქციებში, რის გამოც დააკავეს, სცემეს. მან გისოსებს მიღმა ერთი კვირა გაატარა. გათავისუფლების შემდეგ – ზამთარში ჩავიდა უკრაინაში, სადაც მალევე დაიწყო ომი.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის მეორე დღეს სოსო შეუერთდა კიევის ტერიტორიულ თავდაცვას. მან იარაღის მართვის გამოცდილება 2012 წელს ქართულ ჯარში სამხედრო სამსახურისას მიიღო.
"როცა აქ გადმოვედი, თავისუფლების ისეთი განცდა იყო, ატმოსფერო, ეს იგრძნობა. ახლა უკრაინა ევროპის ცენტრია", - ამბობს სოსო.
”გავარკვიე, რომ კიევის ობოლონსკის რაიონში არის იარაღის გაცემის წერტილი, შემდეგ ზელენსკიმაც თქვა: ”აიღეთ იარაღი და დაიცავით თავი”. მოხალისედ წავედი და იმავე დღეს მოვყევი ცეცხლის ქვეშ, დიდი არეულობა იყო. მომცეს იარაღი, ახლა სრულად ვარ აღჭურვილი“, - ამაყობს ღლონტი.
ომის დასაწყისში ღლონტი მოხალისეთა რაზმებთან ერთად იცავდა კიევს ირპენში, ბუჩასთან და გოსტომელში: იქ უკრაინელი სამხედროები რამდენიმე კვირის განმავლობაში იგერიებდნენ რუსული ჯარების შეტევას.
„გოსტომელში არეულობა იყო. ერთხელ კოლონა გამანადგურებლის ცეცხლის ქვეშ მოჰყვა. რთული ვითარებ იყო, მაგრამ გამოსვლა მოვახერხეთ“,– იხსენებს სოსო.
სოსო იხსენებს რუსეთში ცხოვრებას. ის აგროვებდა ახალგაზრდებს, საკუთარი პროგრამების მიხედვით ავარჯიშებდა ჯგუფურად და იღებდა ვიდეოებს სოციალური ქსელებისთვის. ის აღიარებს, რომ მას შემდეგ მისი შეხედულებები ძალიან შეიცვალა და რომ იმჟამად პროპაგანდის გავლენის ქვეშ იყო.
"როგორღაც მოვახერხე ფიქრი, არის თუ არა ყველაფერი ისე, როგორც გეუბნებიან. ახლა მკაფიო პოზიცია მაქვს მთელ ამ მოძრაობაზე, ომზე. დავიწყოთ იმით, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც სიკვდილამდე მიგვიყვანს, უკვე არასწორია", - ფიქრობს ღლონტი.
აპრილში სოსომ კამერის წინ დაწვა რუსული პასპორტი. ამის შემდეგ მან ბევრი რუსი გამომწერი დაკარგა, მაგრამ ღლონტი არ ნანობს საკუთარ გადაწყვეტილებას.
"ბოლომდე აქ ვიქნები. არ აქვს მნიშვნელობა, ფრონტზე ვიქნები თუ სამოქალაქო ცხოვრებაში, მაგრამ მე უკრაინასთან ვარ. მინდა, ეს ტკივილი გავიზიარო, თუმცა ადვილად შემიძლია საქართველოში წასვლა", - ამბობს ის.