უკრაინა არ გამორიცხავს, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქებებს მოაწყობს
27/10/2022 11:33:05 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქებებს მოაწყობს, რასაც შემდეგ კიევს დააბრალებს.
გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილის ოლექსი გრომოვის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ე.წ. მეორე არმიას არ გააჩნია არანაირი ჰუმანურობა, ხოლო კრემლი და მისი მხარდამჭერი პოლიტიკოსები და პროპაგანდისტები "პათოლოგიური მატყუარები არიან", სავარაუდოა, რომ მოწინააღმდეგე უკან დახევისას განახორციელებს ტერაქტებს საცხოვრებელი რაიონების და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის აფეთქებით.
კიევში დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერლმა გრომოვმა არ გამორიცხა, რომ „ბინძური ბომბის“ გამოყენებისთვის მზადებაში უკრაინის დადანაშაულების გათვალისწინებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აფეთქებები მოაწყონ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რათა მწყობრიდან საბოლოოდ გამოიყვანონ, ლოკალური ტექნოგენური კატასტროფის პროვოცირება მოახდინონ და ამაში უკრაინა დაადანაშაულონ.
ზაპოროჟიეს ოლქის ის ნაწილი, სადაც ევროპაში უდიდესი - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, რუსეთის მიერაა ოკუპირებული.


