Accentnews.ge
აშშ ევროპაში უახლესი ბირთვული ბომბების განთავსებას აჩქარებს – Politico

აშშ ევროპაში უახლესი ბირთვული ბომბების განთავსებას აჩქარებს – Politico

27/10/2022 11:23:19 მსოფლიო

შეერთებული შტატები მოდერნიზებული B61-12 ბირთვული ბომბების ტრანსპორტირებას დეკემბერში დაიწყებს, – წერს Politico წყაროებზე დაყრდნობით.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, თავდაპირველად, ტრანსფერის დაწყება მომავალ გაზაფხულზე იყო დაგეგმილი. ამის შესახებ ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ნატოს მოკავშირეებს ბრიუსელში დახურული შეხვედრის დროს განუცხადეს. აშშ 2023-2024 წლებში გეგმავდა ევროპაში ჯამში 480 განახლებული ბირთვული ბომბის გაგზავნას და მოძველებული B61 ვარიანტების ჩანაცვლებას. ძველი ბომბების ახალი ვერსიებით ჩანაცვლების გადაწყვეტილება უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ რუსეთის მუქარას უკავშირდება, – წერს Politico.

B61 თერმობირთვული ბომბი არის აშშ-ს სტრატეგიული ბირთვული ძალების მთავარი ბირთვული არსენალი. მისი პირველი ვერსია შეიქმნა 1960-იან წლებში, შემდეგ ბომბი რამდენჯერმე შეიცვალა. უახლესი - მე-12 - მოდიფიკაცია 2015 წელს გამოსცადეს.

„ძველი B61-ების ახალი ვერსიით ჩანაცვლება დიდი ხნის დაგეგმილი განახლების ნაწილია. ამ ნაბიჯს არანაირი კავშირი არ აქვს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან. ტრანსფერი არ დაჩქარებულა“, - განუცხადა გამოცემას პენტაგონის წარმომადგენელმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა.

მიუხედავად ამისა, Politico ამტკიცებს, რომ თარიღის ცვლილება შეიძლება, იყოს გზავნილი ევროპელი მოკავშირეებისთვის, რომლებიც თავს უფრო დაუცველად გრძნობენ მოსკოვის დარტყმების მიმართ. ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე წარმართული დისკუსიები აჩვენებს, რომ მოკავშირეები ნერვიულობენ, – ნათქვამია პენტაგონისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ წერილში, რომლებიც ჟურნალისტებმა შეისწავლეს. აქედან გამომდინარეობს, რომ მოკავშირეებმა ნატოში კონსულტაციების გაგრძელება რუსეთის ბირთვული რიტორიკის გამო მოითხოვეს.

რუსმა მაღალჩინოსნებმა, მათ შორის ვლადიმირ პუტინმა არაერთგზის მიანიშნა რუსეთის ბირთვულ შესაძლებლობებზე. 26 ოქტომბერს მან პირადად ჩაატარა რუსული სტრატეგიული ძალების წვრთნები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S