გერმანიის მთავრობა: "ჩრდილოეთის ნაკადი 2" გამოუსადეგარია"
27/10/2022 09:18:23 მსოფლიო
"მილსადენი "ჩრდილოეთის ნაკადი 2" გამოუსადეგარია", ასე უპასუხა გერმანიის მთავრობამ პარლამენტის წევრის ლაიფ-ერიკ ჰოლმის შესაბამის კითხვას.
"გერმანიის მთავრობის ცნობით, სექტემბერში დივერსიის შედეგად მომხდარ აფეთქებებს მილსადენზე უარყოფითი გავლენა ჰქონდა და ამ ეტაპზე მისი გამოყენება ტექნიკურად შეუძლებელია. გარდა ამისა, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ სერტიფიცირებული არ არის და ვერცერთ შემთხვევაში ვერ ამუშავდება", – იუწყება გამოცემა dpa.
საპირისპიროს ამტკიცებს რუსეთი. ორი კვირის წინ, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს გაზის ტრანსპორტირება შეუძლია და საჭიროა მხოლოდ ონკანის გახსნა.
რუსეთი „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ით ევროპას ბალტიის ზღვის გავლით აწვდის ბუნებრივ გაზს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ევროკავშირის მიერ სანქციების ამოქმედების შემდეგ, რუსეთმა ტექნიკური სამუშაოების საბაბით, გაზის მიწოდება მინუმუმამდე დაიყვანა. რაც შეეხება „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს, მისი სერტიფიცირება გერმანიამ შეაჩერა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა დაიწყეს მუშაობა რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გასათავისუფლებლად.


