რუსეთი დასავლეთის კომერციულ თანამგზავრებზე შეტევას არ გამორიცხავს
27/10/2022 09:05:49 მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დასავლეთის კომერციული თანამგზავრები შესაძლოა, მოსკოვისთვის ლეგიტიმურ სამიზნეს იქცეს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კონსტანტინ ვორონცოვმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთმა შეიძლება, მიზანში ამოიღოს კომერციული თანამგზავრები, თუ მათ უკრაინის დასახმარებლად გამოიყენებენ.
"აშშ-ისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების მიერ კოსმოსში განთავსებული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, მათ შორის კომერციულის, შეიარაღებულ კონფლიქტებში გამოყენება სახიფათო ტენდენციაა“, – განაცხადა ვორონცოვმა.
რამდენიმე კვირის წინ ამერიკული კომპანია SpaceX-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ რუსი სამხედროები ცდილობენ, Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტსისტემა გათიშონ. Starlink 2000-ზე მეტი სატელიტისგან შემდგარი სისტემაა. ის უკრაინაში 2022 წლის თებერვლიდან ფუნქციონირებს, – მას შემდეგ, რაც რუსეთის შეჭრის შემდეგ ტრადიციული ინტერნეტსერვისების მუშაობა შეფერხდა.


