ISW – პუტინის რიტორიკა ადასტურებს, რომ ომის გაგრძელება სურს
27/10/2022 06:15:41 მსოფლიო
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, "ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" (ISW) შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რიტორიკა იმაზე მიუთითებს, რომ არ არის დაინტერესებული უკრაინასთან სერიოზული მოლაპარაკებით და ინარჩუნებს ომის გაგრძელების მაქსიმალისტურ მიზნებს.
ამერიკელი ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ პუტინის განცხადებაზე, რომლითაც მან 26 ოქტომბერს მიმართა დსთ-ს წევრი ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენლებს. "უკრაინამ სუვერენიტეტი დაკარგა და აშშ უკრაინას იყენებს ტარანად რუსეთის, რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს, ბელარუსის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის და დსთ-ს წინააღმდეგ", – განაცხადა პუტინმა.
ISW–ს ექსპერტების შეფასებით, მსგავსი ფორმულირებები შეუთავსებელია ცეცხლის შეწყვეტის მიზნით თანასწორუფლებიან მოლაპარაკებასთან და მით უმეტეს, რუსეთის მიერ დაწყებული კონფლიქტის გადაწყვეტასთან და პირიქით, იმაზე მეტყველებს, რომ კრემლი ისევ მიისწრაფის უკრაინასთან ომში გამარჯვებისა და ხელისუფლების შეცვლისკენ, რაც მისი ჩანაფიქრით, უკრაინას დასავლეთიდან რუსეთისკენ მიაბრუნებს.


