CNN - აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი უკრაინაში იმყოფებოდა
27/10/2022 06:11:21 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი უილიამ ბერნსი ოქტომბერში უკრაინაში იმყოფებოდა, - იუწყება CNN ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
მისი ცნობით, ვიზიტის დროს უილიამ ბერნსმა დაადასტურა აშშ-ის ვალდებულება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინისთვის მხარდაჭერის შესახებ, მათ შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების მუდმივი მხარდაჭერის კუთხით.
CNN-ის წყაროებმა უკრაინაში ბერნსის ვიზიტის სხვა დეტალების გამხელა არ ისურვეს.
"ბერნსის ვიზიტი იმ ფონზე შედგა, როდესაც აშშ შეშფოთებულია უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების გამო. ბერნსი და სხვა ამერიკელი ოფიციალური პირები საჯაროდ აცხადებენ, რომ ვერ ხედავენ მტკიცებულებას, მოსკოვი აქტიურად ემზადებოდეს ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად", – იტყობინება CNN.


