„გვქონდა კომუნიკაცია პრეზიდენტ პუტინთან": ბლინკენი ბირთვულ იარაღზე საუბრობს
26/10/2022 21:19:59 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი გააფრთხილეს, რომ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას რუსეთისთვის შედეგები მოჰყვება.
„ჩვენ გვქონდა ამაზე ძალიან მკაფიო და პირდაპირი კომუნიკაცია რუსებთან, მათ შორის პრეზიდენტ პუტინთან. ჩვენ შეშფოთებულები ვართ“, – აღნიშნა ბლინკენმა „ბლუმბერგთან.
მისი თქმით, რუსეთის საუბარი უკრაინის მიერ ე.წ. ბინძური ბომბის გამოყენების გეგმაზე არის მორიგი სიცრუე.
როგორც ბლინკენმა აღნიშნა, რუსეთს წარსულშიც მიუწერია სხვებისთვის ისეთი ქმედება, რომლის ჩადენასაც თავად განიხილავს, რასაც ბლინკენმა უპასუხისმგებლო უწოდა.
ამასთან, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამ ეტაპისთვის აშშ ვერ ხედავს მიზეზს, შეცვალოს თავისი ბირთვული პოზიცია.
მან ასევე აუცილებელი უწოდა აშშ-ისა და მოკავშირეების მიერ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას.


