"წინ გადადგმულ ნაბიჯებს ვხედავთ": ზელენსკიმ ისრაელთან თანამშრომლობის დეტალები გაამხილა
26/10/2022 15:18:00 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ისრაელთან ირანული დრონების ირგვლივ თანამშრომლობა „რამდენიმე დღის წინ“ დაიწყო. საუბარია მონაცემების გაზიარებაზე. მანამდე ამის შესახებ დასავლური მედია წერდა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა ისრაელთან თანამშრომლობის გზის დასაწყისშია.
"ყველას ეუხერხულება ჩვენი ურთიერთობები. თუმცა ბოლო დროს ეს ურთიერთობა უფრო თბილი გახდა. პაუზის შემდეგ ჩვენ ვხედავთ წინ გადადგმულ ნაბიჯებს", - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, „დაზვერვის მონაცემები [ისრაელის] ადასტურებს, რომ ჩვენმა დაზვერვამ იცოდა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 400-ზე მეტი ირანული დრონი გამოიყენა“.
"ჩვენ ისრაელთან თანამშრომლობის საწყის ეტაპზე ვართ და ეს არის პოზიტიური ჟესტი ისრაელისგან. მე მადლობელი ვარ ამისთვის", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ისრაელისგან მეტ მხარდაჭერას იმედოვნებს:
"ისრაელმა იცის რა არის ომი. ჩვენ გვჯერა, რომ ისრაელმა უფრო მეტად უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინას. ჩვენ ამას 24 თებერვლიდან ველოდებით. ჩვენ ვხედავთ, რომ ისრაელის მოსახლეობა მხარს უჭერს უკრაინელებს, მაგრამ ჩვენ ისრაელის პოლიტიკური ლიდერობა გვჭირდება".
მიუხედავად მტკიცებულებებისა, ირანი ამ დრომდე უარყოფს რუსეთისთვის დრონების მიწოდებას, რომელთაც რუსეთი უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღდეგ იყენებს. ამასან, მედია წერს, რომ ირანი კრემლს ინსტრუქტორებს და ბალისტიკურ რაკეტებსაც დაჰპირდა.
იხილეთ ასევე: „არჩევანის გაკეთება გვიწევს“: რა განაპირობებს ისრაელის პოზიციონირებას უკრაინის ომში


