ინდოეთის თავდაცვის მინისტრმა თავისი რუსი კოლეგა გააფრთხილა
26/10/2022 14:15:49 მსოფლიო
ინდოეთის თავდაცვის მინისტრმა რაჯნათ სინგმა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ოთხშაბათს გამართულ სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ "არ უნდა მიმართო ბირთვულ ვარიანტს", როდესაც საქმე უკრაინის ომს ეხება,– იუწყება CNN ინდოეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
სინგმა თქვა, რომ ინდოეთის პოზიციაა „დიალოგისა და დიპლომატიის გზა, რათა კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დარეგულირდეს“.
მან აღნიშნა, რომ არც ერთმა მხარემ არ უნდა მიმართოს ბირთვულ ვარიანტს, რადგან ბირთვული ან რადიოლოგიური იარაღის გამოყენების პერსპექტივა ეწინააღმდეგება კაცობრიობის ძირითად პრინციპებს.
თავად რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ და ჩინეთის თავდაცვის მინისტრთან საუბრის შესახებ მოკლე ანგარიში გამოავეყნა:
"ორივე შემთხვევაში, შოიგუმ განიხილა უკრაინაში არსებული ვითარება და გამოხატა შეშფოთება უკრაინის მხრიდან შესაძლო პროვოკაციების შესახებ "ბინძური ბომბის" გამოყენებით".
მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალებმა საპასუხო ბირთვული დარტყმის თაობაზე წვრთნა ჩაატარეს, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხელმძღვანელობდა.
რუსეთის გენშტაბის ცნობით, სწავლებაში ჩართული იყო სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ძალების მობილური სახმელეთო სარაკეტო კომპლექსი Ярс-ი, ჩრდილოეთ ფლოტის სტრატეგიული წყალქვეშა ნავი „ტულა“, ორი სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-95МС.
სამხედროებმა ბალისტიკური რაკეტები პლესეცკის კოსმოდრომიდან და ბარენცის ზღვის აკვატორიიდან გაუშვეს.
პუტინის ხელმძღვანელობით რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალების წინა წვრთნა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან ინტერვენციამდე რამდენიმე დღით ადრე, 19 თებერვალს ჩატარდა.
ცნობისთვის: 23 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერეგი შოიგუმ სატელეფონო საუბრები გამართა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან და უთხრა, რომ რუსეთი შეშფოთებულია უკრაინის მხრიდან „ბინძური ბომბის“ შესაძლო გამოყენებით. იმავე დღეს შოიგუ ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის თავდაცვის მინისტრსაც. ამ საუბრების შემდეგ საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ უარყოფენ რუსეთის აშკარად ცრუ ინსინუაციებს, თითქოს, უკრაინა თავის ტერიტორიაზე აპირებს „ბინძური ბომბის“ გამოყენებას. კიევში ამბობენ, რომ ე.წ. ბინძური ბომბის აფეთქებას შესაძლოა, რუსეთი გეგმავს და სურს, ეს უკრაინას დააბრალოს.
"ბინძურ ბომბს" უწოდებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომელიც რადიოაქტიურ ნივთიერებებსაც შეიცავს.


