Accentnews.ge
მშობლები მუნიციპალურ აუზში ბავშვების მოწამლვაზე იუწყებიან, კალაძე აღნიშნულს უარყოფს

მშობლები მუნიციპალურ აუზში ბავშვების მოწამლვაზე იუწყებიან, კალაძე აღნიშნულს უარყოფს

26/10/2022 09:37:45 საზოგადოება

თბილისის მერი კახა კალაძე მუნიციპალურ სპორტულ კომპლექს “იმედში” ბავშვებისა და მწვრთნელების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჩატარებული კვლევების თანახმად, აუზში არ იყო ისეთი ნივთიერებები, რასაც მოწამვლის გამოწვევა შეეძლო.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და მორიგი სიცრუე. რეალურად, ვიდეო გადაღებულია ზაფხულის პერიოდში და ასახულია პერსონალის მიერ აუზიდან წყლის სინჯის აღების პროცედურა, რომელიც სწრაფი ტესტებით ყოველდღიურად ხდება", – განაცხადა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

როგორც კალაძემ აღნიშნა, აუზის რამდენიმე თანამშრომელმა მიზანმიმართულად გაავრცელა სიცრუე და შეეცადა ადამიანები შეცდომაში შეეყვანა:

„სამწუხაროდ, კონკრეტული მედიის მხრიდან ადგილი აქვს საცურაო აუზისა და ბავშვების თემით მანიპულირებას და სიცრუის პროპაგანდას. საქმე ეხება სპორტულ ცენტ „იმედს“, სადაც გადაღებული ვიდეომასალა სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გასულ კვირას გამოაქვეყნა. ამას, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოყვა, განცხადებების გავრცელება და ა.შ. მოქალაქის ინფორმაციით, თითქოს ვიდეოში ასახულია მოცურავე ბავშვებით სავსე საცურაო აუზი და ამ დროს აუზში წყლის ქიმიური დამუშავების პროცესი. კერძოდ, ქლორის დამატება, რის გამოც რამდენიმე დღის წინ თითქოსდა ბავშვებმა და მწვრთნელებმა ინტოქსიკაცია მიიღეს.

რა თქმა უნდა, ინფორმაციის გავრცელებისთანავე მყისიერად ჩატარდა აუზის წყლის ტესტირება, რომელმაც აჩვენა რომ ქლორი და Ph-ის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. ასევე, სპორტული ცენტრის ადმინისტრაციის მოკვლევით ამ დღეების განმავლობაში არც ერთი ბავშვი არ იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულებაში, რაც ინტოქსიკაციის შემთხვევაში უნდა მომხდარიყო. ამის მიუხედავად ჩვენ ჩავატარეთ დამატებითი კვლევები, გარდა იმისა, რომ ყოველდღიურად ხდება წყლის სინჯების აღება, დამატებითი ორი კომპლექსური კვლევა დავუკვეთეთ და პასუხებიც გვაქვს და შესაძლებელია ეს ყველაფერი ვაჩვენოთ მედიას, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ნორმაშია და არაფერი არ წარმოადგენს პრობლემას. თუმცა პრობლემა არსებობს - პრობლემა არის იქ მომუშავე რამდენიმე თანამშრომელი, რომელმაც გაავრცელა მიზანმიმართული სიცრუე და შეეცადა ადამიანები შეეყვანა შეცდომაში. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. მე ახლა არ მინდა ამ თანამშრომელზე ვისაუბრო, არ მინდა იმ რეალურ პრობლემაზე ვისაუბრო, რაც არის და რაც იმ კონკრეტულ თუ ყოფილ თანამშრომელს აქვს, არ მინდა ამ პრობლემაზე საუბარი, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით პრობლემა იქნება ამოწურული და შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული. სამწუხაროდ, ასეთი თემებით საზოგადოების მანიპულირება არის ძალიან სამარცხვინო და სამწუხარო, მაშინ როდესაც მთლიანად მუნიციპალიტეტი, ჩვენი შესაბამისი სამსახურები, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, ყოველთვის მზად არის ნებისმიერ დასმულ შეკითხვას კომპეტენტური პასუხი გასცეს. თუმცა, რას ვიზამთ, ეს თქვენი გადაწყვეტილებაა და ჩვენ, რა თქმა უნდა, თქვენს დღის წესრიგში ვერ ჩავერევით. თქვენ შეგიძლიათ იმოქმედოთ როგორც საჭიროდ თვლით, თუმცა მე როგორც დედაქალაქის მერი ვალდებული ვარ საზოგადოებას ყოველთვის მივაწოდო ინფორმაცია, სიმართლე და ყოველთვის ხელს შეგიშლით დეზინფორმაციის გავრცელებაში. საზოგადოებას ყოველთვის რეალობას ვეტყვით“, - განაცხადა კახა კალაძემ

დედაქალაქის მერის შეფასებით, ეს ყველაფერი გაკეთებული იყო მიზანმიმართულად:

„სპეციალურად მანიპულირებენ აღნიშნული თემით, თითქოს ბავშვების ყოფნის დროს საცურაო აუზში ქლორი ჩაყარეს. არ ვიცი ამაზე დიდი მავნებლობა, ამაზე დიდი სამარცხვინო რა უნდა იყოს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ აუზში წყლის ქიმიური დამუშავებისთვის ესპანური წარმოების ქლორი „დიაზა“ გამოიყენება, რომელსაც შესაბამისი სერტიფიკატები აქვს".

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს სავარაუდოდ ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომელიც ბავშვების აუზში ყოფნისას წყალში რაღაცას დებს, შემდეგ კი იღებს. მშობლებისა და მწვრთნელის თქმით, აღნიშნული ვიდეო ასახავს წყალში ქლორის ჩაყრის პროცესს, მაშინ, როცა ბავშვები წყალში არიან

მშობლებისა და მწვრთნელების თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფ სპორტულ ცენტრ “იმედში”, ათობით ბავშვი და მწვრთნელი მოიწამლა.

მათი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში აუზის დარბაზში იყო “საშინელი სუნი”. ისინი სავარაუდო ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებასაც ითხოვენ.

ერთ-ერთი მშობელი ნია ბაღდავაძე “მთავარ არხთან” აცხადებს, რომ მშობლების საერთო "ჩატში" დადეს ვიდეო, სადაც ჩანდა რომ ერთ-ერთ ბავშვს თვალებიდან ცრემლდენა და სპაზმური ხველა ჰქონდა. მისი თქმით, სპაზმურ ხველაზე საუბრობდნენ სხვა ბავშვების მშობლებიც.

“როცა ბავშვები აუზში არიან და მგონია, რომ ბავშვი ცურავს, ჯანმრთელობისთვის კარგ საქმეს ვაკეთებთ, აღმოჩნდა, რომ საწამლავს უყრიან ბავშვს. პირადად ჩემი ბავშვიც იყო მოწამლული, მყავდა პედიატრთან გავუკეთეთ ანალიზები და დაუდგინდა, რომ იყო მსუბუქი ინტოქსიკაცია, გამოხატული ძილიანობით, მუცლის ტკივილითა და გულისრევით”, – განაცხადა "TV პირველთან" საუბრისას ერთ-ერთმა მშობელმა.

სპორტული კომპლექსის ერთ-ერთი მწვრთნელის, ნინო ქავზინაძის თქმით, ეს ინტოქსიკაციის პირველი შემთხვევა არ არის. მისი თქმით, წინა მოწამვლის ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმირებული იყვნენ კომპლექსის ხელმძღვანელი და მერიის წარმომადგენლები:

“მეორედ რომ მოვიწამლე ვთხოვე, მიექცია ყურადღება, რადგან 8 წელია, აქ ვმუშაობ და მსგავსი არ ყოფილა და აუცილებლად გიჩივლებ და გავატელევიზორებ-მეთქი. მაშინ ახსენა, რომ მე ვარ [ანუკი არეშიძის] ბავშვობის მეგობარი, ნათელ-მირონი და მე ვერავინ შემეხებაო”, – ამბობს მწვრთნელი "TV პირველთან" საუბრისას.

25 ოქტომბერს ტელეკომპანია “მთავართან” საუბრისას ნინო ქავზინაძე აცხადებდა, რომ ინტოქსიკაციის მიზეზი ადმინისტრაციის მხრიდან უხარისხო ქლორის გამოყენებაა. მისი თქმით, ადმინისტრაციამ ამ გზით თანხები დაზოგა.

დღეს საცურაო აუზის მწვრთნელი და სპორტულ კომპლექსთან შეკრებილი მშობლები და საკრებულოს წევრების ნაწილი ინტოქსიკაციაზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენას და დასჯას ითხოვენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S