თავდაცვის მინისტრი: "კანონმდებლობაში აღარ იქნება საშუალებები, რომ ჯარს თავი მექანიკურად აარიდონ"
26/10/2022 08:16:45 მსოფლიო
თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, მუშაობა მიმდინარეობს თავდაცვის კოდექსზე, რომელშიც მისმა უწყებამ დიდი ძალისხმევა გასწია წვევამდელთა სისტემისა და რეზერვის მოდერნიზაციაზე.
მისი თქმით, რეფორმირების შემდეგ მოქალაქეებს აღარ მიეცემათ საშუალება, მარტივად აარიდონ თავი სავალდებულო სამხედრო სამსახურს. რადგან მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად, ჯარი პოპულარულია საზოგადოებში, ბურჭულაძის თქმით, მხოლოდ ერთი ორგანიზაციის მეშვეობით, წელს სავალდებულო სამსახურს 12 000-მა ადამიანმა აარიდა თავი.
„სამწუხაროდ, დღეს ბევრი ლგალური საშუალებაა, რომ ადამიანმა თავი აარიდოს ჯარს. არც მინდა დავასახელო ორგანიზაციის სახელი, მაგრამ მარტო ამ ერთი ორგანიზაციის მეშვეობით, წელს 12 000-მა ადამიანმა აარიდა ჯარს თავი.ეს, რა თქმა უნდა, სხვა რისკებთან და საფრთხეებთანაც არის დაკავშირებული. ეს ხალხი ფაქტობრივად, შეიძლება, იყოს მართული რაღაც ძალის მიერ, რომელიც შეიძლება, იყოს გამოყენებული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამიტომ ჩვენ ამაზეც დავხარჯეთ ძალისხმევა და ვფიქრობ, ჩვენ ახალ კანონმდებლობაში აღარ იქნება ისეთი საშუალებები, რომ ასე მექანიკურად აარიდოს თავი ადამიანმა სავალდებულო სამსახურს. თუმცა ჩვენ ისიც უნდა გავიაზროთ, რომ დღეს არ გვაქვს იმის რესურსი, პოტენციურად, რამდენი ადამიანიც შეიძლება იყოს წვევამდელთა კატეგორიაში, ყველა გავიწვიოთ, ამის არც საშუალება გვაქვს და პრინციპში არც საჭიროება დგას ამ ეტაპზე. საკმაოდ დიდი გამოწვევაა ეს საკითხიც. ზოგადად, პოტენციურად შეიძლება წელიწადში გვყავდეს 16-17 ათასი გასაწვევი მოქალაქე. ზოგადად, სახელიც გვინდა, რომ შევცვალოთ. სავალდებულო ძველი ტერმინია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სისტემა იყოს მოქნილი, სადაც ნებაყოფლობითობას გაუთანაბრდება ჯარში მსახური. ესეც პოპულარიზაციის ნაწილია, რამდენიმე ქვეყნის გამოცდილება გვაქვს და მათგან შევარჩევთ საუკეთესოს, რელევანტურს ჩვენს მდგომარეობასთან და გარემოსთან შესაბამისობაში“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
მისი თქმით, თავდაცვის სამინისტრო ეცდება, ჯარი პოპულარული გახადოს ყველა სოციალურ ფენაში.
„ჩვენ უნდა გავაცნოთ ჯარი და დავანგრიოთ ის კომუნისტური, თუ პოსტკომუნისტური სტერეოტიპი, რომ ჯარი არის ცუდი. ჩვენ შევქმენით ის პირობები ჯარში, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის იყოს მისაღები, ვგულისხმობ ყველა კომპონენტს და გვინდა, ეს გავხადოთ საინტერესო. ჯერ უნდა გავაცნოთ საზოგადოებას. საზოგადოებამ ჯერ უნდა გაიცნოს, მერე უნდა შეიყვაროს“.


