აშშ–დან უკრაინაში NASAMS-ის პირველი ორი კომპლექსი ჩავიდა
26/10/2022 07:22:27 მსოფლიო
შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გადასცა პირველი ორი საზენიტო-სარაკეტო სისტემა NASAMS – საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემა, – განაცხადა Raytheon Technologies-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გრეგ ჰეისმა CNBC-თან ინტერვიუში.
"ჩვენ ორიოდე კვირის წინ მივაწოდეთ აშშ-ს მთავრობას ორი სისტემა. ისინი დღეს უკრაინაშია განლაგებული", - თქვა მან.
ჰეისის თქმით, აშშ-ს ხელისუფლებამ დაამტკიცა კიევისთვის NASAMS საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდება, მაგრამ არა Patriot–ის საჰაერო თავდაცვის სისტემების.
მან აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები რეგულარულად მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიიღებს.
უკრაინის ხელისუფლებას ჰეისის ინფორმაციაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
NASAMS-ის საშუალო დისტანციის მობილური საზენიტო სარაკეტო სისტემა შექმნილია საჰაერო სამიზნეების დაბალ და საშუალო სიმაღლეებზე დასაჭერად ნებისმიერი ამინდის პირობებში. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ადრე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აპირებს, უკრაინას რვა ასეთი სისტემა მიაწოდოს უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში.
აგვისტოს ბოლოს პენტაგონმა ხელი მოაწერა კონტრაქტს Raytheon-თან 182,2 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების კომპლექსების უკრაინისთვის გადასაცემად.
ამჟამად NASAMS-ს იყენებს 12 ქვეყანა, მათ შორის აშშ, ნორვეგია, ფინეთი, ესპანეთი, ნიდერლანდები, ომანი, ლიეტუვა, ინდონეზია, ავსტრალია, კატარი, უნგრეთი.უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ კიდევ ოთხი HIMARS–ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა ჩავიდა უკრაინაში აშშ-ის სამხედრო დახმარების ფარგლებში. მან ასევე დაადასტურა, რომ უკრაინამ გერმანიიდან მიიღო გერმანული საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T (AD).
25 ოქტომბერს, კიევში უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გამოაცხადა უკრაინისთვის ორი დამატებითი MARS მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის და ოთხი ჰაუბიცის მიწოდების, ასევე საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების გაგრძელების შესახებ.


