რუსეთი უკრაინის ომში ამერიკელებისა და ბრიტანელების მიერ გაწვრთნილი ავღანელი სამხედროების ჩართვას ცდილობს – მედია
26/10/2022 06:42:20 მსოფლიო
რუსეთი ავღანელების გადაბირებას ცდილობს უკრაინის ომისთვის, – წერს ამერიკული ჟურნალი Foreign Policy საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, ამერიკელი და ბრიტანელი ინსტრუქტორების მიერ გაწვრთნილი ავღანეთის ეროვნული არმიის ყველაზე ბრძოლისუნარიანი კორპუსის კომანდოს ყოფილი წევრები, რომლებიც ამჟამად ავღანეთში იმყოფებიან, იღებენ შეტყობინებებს რუსი გადამბირებლებისგან. მათ ჰპირდებიან დიდ ჯილდოს უკრაინის ომში მონაწილეობისთვის. უცნობია, ვისი სახელით მოქმედებენ გადამბირებლები, მაგრამ გამოცემის წყაროები ვარაუდობენ, რომ ამ მცდელობების უკან სამხედრო კომპანა „ვაგნერი“ დგას. გამოცემის ერთ–ერთი თანამოსაუბრის, კომანდოს 35 წლის ყოფილი კაპიტანის თქმით, ის დაეხმარა რამდენიმე ყოფილ კოლეგას, დაკავშირებოდნენ გადამბირებლებს, რომელთაც უზრუნველყვეს გაფრენა თეირანში (სადაც მდებარეობს მათი ოფისი), საიდანაც შემდეგ ისინი რუსეთში გაფრინდნენ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ავღანეთში შესაძლოა, 20 000-დან 30 000-მდე ყოფილი კომანდოელი იყოს, რომლებმაც ვერ შეძლეს დასავლეთის ქვეყნებში ევაკუაცია. ბევრი მათგანი იძულებულია, დაემალოს თალიბებს, რომელთაც ხელთ იგდეს ხელისუფლება. ყველა არ არის მზად, რუსეთის მხარეს იბრძოლოს, რომელსაც მტრად თვლიან, მაგრამ, როგორც გამოცემის თანამოსაუბრეები ამბობენ, სასოწარკვეთილმა ვითარებამ, რომელშიც ისინი აღმოჩნდნენ, შეიძლება, აიძულოს რამდენიმე ათასი ადამიანი ამგვარი ნაბიჯის გადადგმა.
გამოცემა წერს, რომ ავღანელი სამხედროები, რომლებიც, ფაქტობრივად, დასავლელმა პარტნიორებმა მიატოვეს ავღანეთის დატოვების შემდეგ, შეიძლება, უკრაინის ბუნებრივი მოკავშირეები გახდნენ, თუ მათ მიეცით ამგვარი შესაძლებლობა.


