ზელენსკი: "მიმდინარე წელს ევროკომისიის ყველა რეკომენდაციას შევასრულებთ"
26/10/2022 06:05:20 მსოფლიო
ევროკავშირში შესასვლელად რეკომენდაციებს უკრაინა მიმდინარე წლის ბოლომდე შეასრულებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ერთად კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, შტაინმაიერთად შეხვედრაზე მათ უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებიც განიხილეს.
“უკვე ამ წელს ევროკომისიის ყველა რეკომენდაციას შევასრულებთ, რომლებიც უკრაინის ევროკავშირში წევრობას ეხება”, - განაცხადა ზელენსკიმ.
კერძოდ, უკრაინამ შვიდი რეკომენდაცია უნდა შეასრულოს, რომლებიც ეხება საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის დაჩქარებას, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის გაგრძელებას, კორუფციასთან და ფულის გათეთრებასთან ბრძოლას, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის ხელშესახები შედეგების დემონსტრირებას, აუდიოვიზუალური კანონმდებლობის ევროპულთან ჰარმონიზაცია, ეროვნული უმცირესობების შესახებ კანონის მიღებასა და განხორციელებას და ა.შ.
ცნობისთვის: ევროკომისიამ გაფართოების პოლიტიკის შესახებ ყოველწლიური ანგარიში 2023 წელს უნდა წარადგინოს.


