ბლინკენმა და სტოლტენბერგმა „ბინძური ბომბის“ შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით რუსეთის ბრალდებები დაგმეს
26/10/2022 06:01:28 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთში გაკეთებულ განცხადებას უკრაინის მიერ ე.წ ბინძური ბომბის გამოყენების შესახებ ტყუილს უწოდებს.
„დღეს ვესაუბრე ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს. ვისაუბრეთ უკრაინისთვის სამომავლო დახმარების გაწევაზე და დავგმეთ რუსეთის ცრუ ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე „ბინძური ბომბის“ გამოყენებისთვის ემზადება“, – აცხადებს ბლინკენი.
ცნობისთვის: 23 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერეგი შოიგუმ სატელეფონო საუბრები გამართა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან და უთხრა, რომ რუსეთი შეშფოთებულია უკრაინის მხრიდან „ბინძური ბომბის“ შესაძლო გამოყენებით. იმავე დღეს, შოიგუ ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის თავდაცვის მინისტრსაც. ამ საუბრების შემდეგ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ უარყოფენ რუსეთის აშკარად ცრუ ინსინუაციებს, თითქოს, უკრაინა თავის ტერიტორიაზე აპირებს „ბინძური ბომბის“ გამოყენებას. კიევში ამბობენ, რომ ე.წ. ბინძური ბომბის აფეთქებას შესაძლოა, რუსეთი გეგმავს და სურს, ეს უკრაინას დააბრალოს.
"ბინძურ ბომბს" უწოდებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომელიც რადიოაქტიურ ნივთიერებებსაც შეიცავს.


