The Washington Post პუტინისა და პრიგოჟინის კამათზე საუბრობს
25/10/2022 14:34:19 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა კრემლის ლიდერთან საუბარში გააკრიტიკა რუსული არმია უკრაინასთან ომში,– ამის შესახებ Washington Post ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.
ოქტომბრის დასაწყისში გაზეთი იტყობინებოდა ამერიკული დაზვერვის მიერ აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობთ, რომ პუტინს მისი გარემოცვიდან მიუთითეს სამხედრო კამპანიის დროს დაშვებულ შეცდომებზე. მაშინ ამ პირის ვინაობა არ დასახელებულა. ირწმუნებდნენ, რომ ის კამათში შევიდა პრეზიდენტთან და გადასცა შეშფოთება კამპანიის ორგანიზების, ცუდი მენეჯმენტისა და სამხედრო ლიდერების მიერ დაშვებული შეცდომების შესახებ.
ახლა გაზეთი წერს, რომ ეს კაცი პრიგოჟინი იყო. როგორც აღინიშნა, „ვაგნერის“ მონაწილეობამ ომში ბიზნესმენს საშუალება მისცა, აღმოჩენილიყო პრეზიდენტის ახლო წრეში და მათ შორის, ღიად აკრიტიკებს რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს, რომელთანაც პუტინი 2000–იანი წლებიდან მუშაობს.
საპასუხოდ პრიგოჟინის კომპანიის გვერდზე სოციალურ ქსელ VKontakte-ში გამოქვეყნდა მისი კომენტარი, რომელშიც ის ირწმუნება, რომ პუტინთან უსაუბრია „პროგნოზირებად დროში“ და არ გაუკრიტიკებია სამხედრო ხელმძღვანელობა. მანამდე კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამერიკული დაზვერვის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
ომის შემსწავლელმა ამერიკულმა ინსტიტუტმა განაცხადა, რომ „ვაგნერი“ სავარაუდოდ, კვლავ შეეცდება, გააგრძელოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და სახმელეთო ძალების მიმართ თავისი უპირატესობის დამტკიცება.


