
სახალხო დამცველი ნატა ფერაძის მანქანაზე წარწერების გაკეთებას თავდასხმად აფასებს
25/10/2022 09:40:51 საზოგადოება
საქართველოს სახალხო დამცველი გმობს სამოქალაქო აქტივისტის ნატა ფერაძის მანქანაზე უხამსი წარწერების გაკეთებას და ამას მასზე თავდასხმად აფასებს. ომბუდსმენი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, ჩაატარონ დროული და ყოვლისმომცველი გამოძიება და პასუხისმგებლობა დააკისრონ იმ ადამიანებს, რომლებმაც წარწერები დატოვეს.
"უფლებადამცველთა შეუფასებელი როლის გათვალისწინებით, საერთაშორისო დონეზე მათ დასაცავად, არაერთი გარანტიაა შექმნილი, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, მათ შორის, დაიცვას აქტივისტები მესამე პირთა მხრიდან განხორციელებული თავდასხმებისგან, ხოლო ასეთი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში, უზრუნველყოს ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება დაუსჯელობის გარემოს თავიდან ასაცილებლად", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
22 ოქტომბერს სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა ფოტო და ვიდეომასალა, რომელშიც ასახული იყო მის მანქანაზე უხამსი წარწერების გაკეთების პროცესი და შედეგი. ფერაძე ამას თბილისის მერის მიმართ კრიტიკასა და "ალტ-ინფოს" წინააღმდეგ გაჟღერებულ პოზიციას უკავშირებდა. საგამოძიებო მოქმედებები პოლიციამ რამდენიმე საათში ჩაატარა, სამოქალაქო აქტივისტმა კი "მანქანის გალამაზებისთვის" მადლობა გადაიხადა და შეურაცხმყოფელ სიტყვას წინ თბილისის მერის კახა კალაძის გვარი მიაწერა.