რუსეთის რიგ რეგიონებში სანგრებისა და თავშესაფრების მოწყობა დაიწყეს
24/10/2022 16:26:15 მსოფლიო
რუსეთში, უკრაინის მოსაზღვრე კურსკის ოლქში მაღაზიებისა და ბანკების მიმდებარე ტერიტორიებზე "რეაგირების განსაკუთრებული რეჟიმის" ფარგლებში სანგრების თხრას იწყებენ. რუსული მედიის ცნობით, მიღებულია გადაწყვეტილება ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვის სამი ხაზის მოწყობისა და ხალხმრავალი ობიექტების გამაგრების თაობაზე.
როგორც რეგიონულ ადმინისტრაციაში განმარტავენ, თავშესაფრები და სანგრები უნდა მოეწყოს იმ ბანკების, მაღაზიებისა და საფოსტო განყოფილებების სიახლოვეს, რომელთაც სარდაფები არ გააჩნიათ.
ამჟამად რეგიონში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს თავშესაფრებისთვის განკუთვნილი შენობების გასაწმენდად. როგორც რეგიონულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, გათვალისწინებულია თავშესაფრების მოწყობა სულ 1,5 მილიონი მოქალაქისთვის.
ცნობისთვის: "რეაგირების განსაკუთრებული რეჟიმი" უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასულ კვირას გამოაცხადა.


