უკრაინული დაზვერვა: ირანმა რუსული არმიის ჩაფხუტებითა და ჯავშანჟილეტებით მომარაგება დაიწყო
24/10/2022 16:09:08 მსოფლიო
ირანმა რუსული არმიის ჩაფხუტებითა და ჯავშანჟილეტებით მომარაგება დაიწყო, - იუწყება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო და იქვე დასძენს, რომ მოსკოვს ჯარის საკუთარი ძალებით უზრუნველყოფის რესურსები ამოეწურა.
როგორც კიევში აღნიშნავენ, 1500 რუსი სამხედრო ირანული მწარმოებლის - Milad-ის თითო ჯავშანჟილეტსა და ჩაფხუტს მიიღებს, რომელიც ამჟამად უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის მხარეში დისლოცირებული მესამე მოტომსროლელი დივიზიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ცენტრის 1061-ე საწყობში ინახება.
გარდა ამისა, კიევის ინფორმაციით, თეირანი მოსკოვში სამხედრო სპეციალისტებს აგზავნის, რომელთაც ევალებათ, რუს სამხედროებს ირანულ დრონ «Arash-2»-ის გამოყენება და ხმელეთი-ხმელეთი კლასის ირანული რაკეტების მოხმარება შეასწავლონ. ამ უკანასკნელთა მიწოდება უახლოეს ხანებში იგეგმება.
ცნობისთვის: ოქტომბერში დასავლური დაზვერვები რუსეთისთვის ირანული რაკეტების მიწოდების შესახებ იუწყებოდნენ. მათი მონაცემებით, ირანი რუსეთისთვის გადასაცემად ракет Fateh-110-სა და Zolfaghar-ის რაკეტების პარტიას ამზადებდა. ეს მცირე სიშორის რაკეტები სამიზნეებს შესაბამისად, სამას და შვიდას კმ სიშორეზე ანადგურებენ.
თუკი ეს მონაცემები დადასტურდება, ეს რუსეთისთვის ომის დაწყებიდან მსგავსი რაკეტების პირველი მიწოდება იქნება.
ამასთანავე, უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, ირანიდან ჯანკოის მიმართულებით გაემგზავრა ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის მრჩეველთა ჯგუფი, რომელმაც რუს სამხედროებს Shahed-136-ისა და Mohajer-6-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების ტექნიკა უნდა დაახვეწინოს.
The Washington Post ჯერ კიდევ აგვისტოში იუწყებოდა ირანის მიერ რუსეთისთვის ხსენებული მოდელების მიწოდების თაობაზე და აღნიშნავდა, რომ მოსკოვმა უკრაინის ომში მათი გამოყენება უკვე დაიწყო. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევები აღმოაჩინეს და მათი დოკუმენტირება მოახდინეს. როგორც WP აღნიშნავს, ირანის მიერ რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდება კვლავ გაგრძელდება. თუმცა თეირანი და მოსკოვი ამ მიწოდებების ფაქტს კვლავინდებურად უარყოფენ.


