უკრაინა ყირიმის ხიდის განადგურების პირობას დებს
24/10/2022 08:49:11 მსოფლიო
ყირიმის ხიდი დაინგრევა, როგორც კი უკრაინა ნახევარკუნძულს დაიბრუნებს, - განაცხადა «Украинской правда»-თან ინტერვიუში ქვეყნის ტავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა და იქვე დასძინა, რომ "ეს სატრანსპორტო არტერია მართლაც არავის სჭირდება".
მან თავი აარიდა პირდაპირ პასუხს კითხვაზე, კავშირშია თუ არა ოფიციალური კიევი 8 ოქტომბერს მომხდარ ხიდის აფეთქებასთან, რაშიც მას მოსკოვი ადანაშაულებს.
"ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ. დღეს კი შემიძლია, გითხრათ, რომ ყირიმის ხიდი ძალზე სერიოზულადაა დაზიანებული. იგი "რუსული სამყაროს" ერთ-ერთი სიმბოლოა. კრეისერი "მოსკვა" ფსკერისკენ წავიდა, ახლა მისი ბედი ფაქტობრივად, ყირიმის ხიდმაც გაიზიარა. ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ამ რეჟიმს დიდი დრო აღარ რჩება" - განაცხადა ბუდანოვმა.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან კიევის კავშირი უარყო.
"ჩვენ, რამდენადაც მე ვიცით, ასეთი რამ ნამდვილად არ შეგვიკვეთია", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების შესახებ, რაშიც რუსეთის ხელისუფლება უკრაინულ მხარეს ადანაშაულებს. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აფეთქებას ტერაქტი უწოდა და თქვა, რომ მისი შემკვეთები და აღმსრულებლები უკრაინის სპეცსამსახურები იყვნენ.
ყირიმის ხიდზე აფეთქება მოხდა 8 ოქტომბერს, დილით. გამოძიების ვერსით, აფეთქდა დანაღმული სატვირთო მანქანა. აფეთქების შედეგად ჩაინგრა ხიდის ნაწილი და ცეცხლი გაუჩნდა მატარებელს, რომელიც საწვავით იყო დატვირთული. დაიღუპა რამდენიმე ადამიანი.
რუსეთის ФСБ–მ ქერჩის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით რვა ადამიანი დააკავა, აფეთქების ორგანიზატრად კი უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოს ასახელებს.
რუსული ФСБ ირწმუნება, რომ ტვირთის ბულგარულიდან ქართულ პორტში გადმოტანაში და შემდეგ სომხეთში გადაზიდვაში ჩართულები იყვნენ უკრაინის მოქალაქეები მიხაილ ციურკალი (დაბადებული 1975 წელს), დენის კოვაჩი (1979) და რომან ივანოვიჩ სოლომკო (1971), საქართველოს საქართველოს მოქალაქე სანდრო ინასარიძე და ბროკერი სახელად ლევანი და სომხეთის მოქალაქე არტურ ტერჩანიანი (1985 წ.).
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მტკიცებით, ტვირთი 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე განაბაჟეს ერევნის ტერმინალში და მოხდა დოკუმენტების შეცვლა, რის შემდეგაც ტვირთის გამგზავნი გახდა სომხეთში რეგისტრირებული კომპანია „გუ არ ჯი გრუპი“, ხოლო მიმღები მოსკოვში რეგისტირირებული „ლიდერი“.
უწყებისვე ვერსიით, ამის შემდეგ საქართველოში დარეგისტრირებული სატვირთო ავტომანქანა DAF-ით ტვირთმა 4 ოქტომბერს გადაკვეთა რუსეთ-საქართველოს საზღვარი „ზემო ლარსის“ პუნქტში, 6 ოქტომბერს ჩაიტანეს და გადმოტვირთეს კრასნოდარის მხარის ქალაქ არმავირის საბითუმო ბაზაზე, ხოლო 7 ოქტომბერს რომან სოლომკოს, უკრაინის კიდევ ერთი მოქალაქის – ვლადიმირ ზლობას და რუსეთის 5 მოქალაქის დახმარებით, ტვირთის დოკუმენტები ისევ შეიცვალა და გამგზავნად მიუთითეს ქალაქ ულიანოვსკში რეგისტრირებული კომპანია „ტეკ-34“, ხოლო მიმღებად ყირიმში არარსებული ფირმა. 7 ოქტომბერს ტვირთი გადაიტანეს რუსეთის მოქალაქის მახირ იუსუბოვის სატვირთო ავტომანქანაში, რომელიც სიმფეროპოლისკენ გაემართა, 8 ოქტომბერს კი ხიდზე მისი აფეთქება განხორციელდა.
სამივე ქვეყანამ რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული სატრანსპორტო საშუალებების მიერ საბაჟო საზღვრების კვეთა კატეგორიულად უარყვეს.


