ბრიტანული დაზვერვა: რუსეთი ირანულ დრონებს უკრაინის "ყველაზე ეფექტური" ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების გასანადგურებლად იყენებს
24/10/2022 07:51:50 მსოფლიო
რუსეთი სავარაუდოდ, კვლავაც გამოიყენებს ირანულ დრონებს მაღალი სიზუსტის რუსული იარაღის სანაცვლოდ, რომელიც სულ უფრო დეფიციტური ხდება, - იუწყება დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვაზე დაყრდნობით და იქვე დასძენს, რომ უკრაინული შეიარაღებული ძალების მიერ ირანულ დრონებთან ბრძოლის ეფექტურობა სულ უფრო მაღლდება.
"რუსეთი აგრძელებს ირანული უპილოტო საფრენი აპარატების Shahed-136 გამოყენებას უკრაინის მთელს ტერიტორიაზე. თავის მხრივ უკრაინის ძალისხმევა მათ გასანადგურებლად სულ უფრო ეფექტური ხდება. როგორც უკრაინელი ოფიციალური პირები, მათ შორის პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებენ ამ დროისთვის ხერხდება საჰაერო სამიზნეების 85%-ის განადგურება. აღნიშნული უპილოტო საფრენი აპარატები გამოირჩევიან შედარებით დაბალი სიჩქარით, ხმაურით და ფრენენ მცირე სიმაღლეზე, ამდენად, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებისთვის მარტივი ჩამოსაგდებია" - ნათქვამია ბრიტანული დაზვერვის მოხსენებაში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მაღალი ალბათობით, რუსეთი Shahed-136-ებს უკრაინის "ყველაზე ეფექტური" ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების გასანადგურებლად იყენებს.
"მაღალი ალბათობით, ირანული დრონების გამოყენება გაგრძელდება. მაღალი სიზუსტისა და დიდი სიშორის იმ რუსული იარაღის სანაცვლოდ, რომელიც სულ უფრო დეფიციტური ხდება" - ნათქვამია მოხსენებაში.
აღსანიშნავია, რომ ირანულ დრონებს რუსეთი უკრაინაში რუსული სახელწოდება "გერან 2" -ით იყენებს, თუმცა სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ რეალურად ირანული და არა რუსული წარმოებისაა.
ამ დრონების გამოყენებით ბოლო ორი კვირის განმავლობაში აქტიურად იბომბება უკრაინული ქალაქები, უმთავრესად ენერგოობიექტები, მშვიდობიან მოსახლეობაში არის მსხვერპლი.
კიევმა ოფიციალურად დაადანაშაულა ირანი რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებაში და უკრაინაში ირანის ელჩს აკრედიტაცია გაუუქმა. თავის მხრივ ირანი რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდებას უარყოფს.


