Russia Today გაემიჯნა თანამშრომლის მოწოდებებს "უკრაინელი ბავშვების მდინარეებში ჩახრჩობის ან ცოცხლად დაწვის" შესახებ
24/10/2022 07:34:28 მსოფლიო
კრემლის პროპაგანდისტული ტელეარხი Russia Today გაემიჯნა და განაცხადა, რომ თანამშრომლობას წყვეტს მისი რუსული ბიუროს დირექტორ ანტონ კრასოვსკისთან, რომელიც "უკრაინელი ბავშვების მდინარეებში ჩახრჩობის ან ცოცხლად დაწვის" მოწოდებით გამოვიდა.
"არც მე, არც დანარჩენი კოლექტივი დავუშვებთ, რომ სადმე თუნდაც გაიელვოს იმ აზრმა, რომ რომელიმე ჩვენგანი შეიძლება, მსგავს მოსაზრებებს იზიარებდეს, მიჭირს იმის დაჯერება, რომ კრასოვსკის ეს შეიძლება, რეალურად სწამდეს და უნდოდეს" - წერს საკუთარ ტელეგრამ-არხში Russia Today-ს ხელმძღვანელი, კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი.
20 ოქტომბერს RT-ს საავტორო პროგრამა "ანტონიმების" წამყვანმა კრასოვსკიმ განაცხადა, რომ "აუცილებელია, მდინარეებში ახრჩობდნენ ან ცოცხლად წვავდნენ ყველა იმ უკრაინელ ბავშვს, რომელიც თვლის, რომ უკრაინის ტერიტორიები რუსეთს აქვს ოკუპირებული".
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება ამის შემდეგ გამოვიდა მსოფლიო ქვეყნებისადმი მოწოდებით, თავის ტერიტორიებზე RT-ის მაუწყებლობა აღკვეთონ.
თავად კრასოვსკიმ მოგვიანებით მსმენელებს მათი "სახტად დატოვების" გამო მოუბოდიშა და განაცხადა, რომ "უხერხულობაშია იმის გამო, რომ რაღაცნაირად ვერ დაინახა უფროს უკრაინელებსა და ბავშვებს შორის ზღვარი".


