ISW – ხერსონის ოლქის დასავლეთ ნაწილში მდებარე რუსული ჯარი უკან დახევას განაგრძობს
23/10/2022 09:41:33 მსოფლიო
ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) განცხადებით, ხერსონის ოლქის დასავლეთ ნაწილში მდებარე რუსული ჯარი უკან დახევას განაგრძობს.
ISW–მ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსმა სამხედროებმა უკან დახევის დროს შეიძლება, ააფეთქონ ნოვა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი, რაც გამოიწვევს რეგიონის დიდი ნაწილის დატბორვას.
22 ოქტომბერს საოკუპაციო ხელისუფლებამ ხერსონის ყველა მაცხოვრებელს უბრძანა დაეტოვებინა ქალაქი "ფრონტზე დაძაბული სიტუაციის, ქალაქის მასობრივი დაბომბვისა და ტერორისტული თავდასხმების საფრთხის გამო".
ISW–ს ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დატოვებისას, რუსეთი ცდილობს, დატოვოს სოფლები და ქალაქები მოსახლეობის გარეშე, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში უარყოფითად იმოქმედებს უკრაინის მიერ გათავისუფლებული რეგიონების სოციალურ და ეკონომიკურ პოტენციალზე.
გარდა ამისა, ინსტიტუტის ექსპერტები წერენ, რომ რუსეთის მასობრივი დარტყმები უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, რაც ორი კვირაა, გრძელდება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გავლენას მოახდენენ უკრაინელების საბრძოლო სულისკვეთებაზე, მაგრამ ეკონომიკური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით, მზარდ საფრთხეს წარმოადგენენ ზამთრის დაწყების გათვალისწინებით.


