ერმაკ-მაკფოლის ჯგუფი აპირებს, სანქციები რუსეთის იდეოლოგებს დაუწესოს
22/10/2022 14:39:48 მსოფლიო
ერმაკ-მაკფოლის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი დასავლეთის ქვეყნებს სასანქციო სიაში კიდევ 160 პირის - რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტების, უმაღლესი სასწავლებლებისა და ანალიტიკური ცენტრების თანამშრომლების, ასევე კულტურის იმ მოღვაწეების შეყვანას სთავაზობს რომლებიც კრემლის იდეოლოგიის პოპულარიზებას ემსახურებიან.
როგორც საერთაშორისო ჯგუფში განმარტავენ, ამ ადამიანთა ნაწილი თავად ახდენს რუსული სახელმწიფო პროპაგანდისთვის იდეების ფორმირებას, ნაწილი კი მათი პროპაგანდირებითაა დაკავებული., რაც მთლიანობაში კრემლის პოლიტიკის ცრუ ნარატივების გავრცელებასა და რუსული აგრესიისთვის იდეოლოგიური ფუნდამენტის შექმნას ემსახურება.
სულ სიაში 166 იურიდიული და ფიზიკური პირის შეყვანაა დაგეგმილი. მათ შორის - ტელეწამყვანების დიმიტრი კისელიოვის, ასევე ჟურნალისტების თინა კანდელაკისა და მარგარიტა სიმონიანის, მსახიობებისა და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების ირინა ალეგროვასი, დიმა ბილანის, ნიკოლაი ბასკოვის, სერგეი ბეზრუკოვის, ოლეგ გაზმანოვის, ფილიპ კირკოროვის, ლევ ლეშენკოსა და სხვების. სიაშია შეიძლება, მოხვდნენ ასევე საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ "ვალდაის" ხელმძღვანელი ტიმოფეი ბორდაჩოვი, თავდაცვის მინისტრის მრჩეველი ანდრეი ილნიცკი, საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს ხელმძღვანელი ფეოდორ ლუკიანოვი, პოლიტოლოგი ევგენი სატანოვსკი, ფილოსოფოს-მეთოდოლოგი პეტრე შედროვიცკი და სხვები.
აშშ-ის ევროკავშირისა და ბრიტანეთის სასანქციო სიებში ამ დროისთვის რუსეთის უკვე 1000-ზე მეტი მოქალაქე ფიგურირებს, თუმცა მათ შორის ამ დრომდე საკმაოდ ცოტაა რუსული მედიის, სამეცნიერო წრეებისა და პროკრემლისტური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.


