Accentnews.ge
პუტინის ადმინისტრაცია "სახალხო ომისაკენ" მოწოდებით გამოდის

პუტინის ადმინისტრაცია "სახალხო ომისაკენ" მოწოდებით გამოდის

22/10/2022 14:11:54 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სერგეი კირიენკო ირწმუნება, რომ "რუსეთი უკრაინაში გამარჯვებას მიაღწევს, თუკი ომი სახალხო გახდება".

კირიენკო, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში არაერთგზის ეწვია დონბასსა და უკრაინის სხვა ანექსირებულ ტერიტორიებს, დღეს საკლასო ხელმძღვანელთა სრულიად რუსეთის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

"რუსეთი ყოველთვის იგებდა ომებს, თუკი ეს ომები სახალხოდ იქცეოდა. ასე იყო ყოველთვის. ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ამ ომსაც, მაგრამ ამისათვის საჭიროა, ეს სწორედ სახალო ომად იქცეს და მასში ჩართულობა რუსეთის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს. ამ კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი არის ბრძოლა ახალგაზრდობის ჩასართავად. რადგან დასავლეთი რუსულ ახალგაზრდობაზე ზემოქმედებას ცდილობს და თქვენ - საკლასო ხელმძღვანელებმა, ამას ყოველმხრივ უნდა შეუშალოთ ხელი" - მიმართა ფორუმის მონაწილეებს კირიენკომ.

ამასთან, იგი რუსი მებრძოლების ოჯახების დახმარებისკენ მოწოდებით გამოვიდა და შეახსენა შეკრებილთ საბჭოთა დროს მოქმედი "თიმუროველთა რაზმების" შესახებ.

"რუსეთი არ ეომება უკრაინას, ეს NATO-ს ქვეყნები აწარმოებენ რუსეთის წინააღმდეგ დაუფარავ ომს, რათა გაანადგურონ რუსეთი, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო" - დასძინა პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ.

ცნობისთვის: სერგეი კირიენკო რუსეთის ყოფილი პრემიერმინისტრია და "მემარჯვენე ძალთა კავშირის" ლიდერი, რომელიც თავის დროზე რეფორმატორ-ტექნოკრატად ითვლებოდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იგი შიდა პოლიტიკას კურირებდა, მაგრამ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების კურატორად იქცა. სულ ორიოდ დღის წინ იგი ანექსირებულ ხერსონში იმყოფებოდა.

როგორც ნობილია, რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ომად მოხსენიება აკრძალა და მას დღემდე "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებდა. არსებობს სიტყვა ომის გამოყენების გამო რუსეთის მოქალაქეთა დაკავებისა და დაჯარიმების შემთხვევები.

ერთმანეთისთვის ომი ამ დროისთვის არც რუსეთს გამოუცხადებია, არც უკრაინას. ამასთან, უკრაინა რუსეთს აგრესორ სახელმწიფოდ მიიჩნევს, ბოლო თვეებში კი ტერორისტულ სახელმწიფოდაც მოიხსენიებს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩადენილი უამრავი სამხედრო დანაშაულის გამო. დასავლეთის ქვეყნები რუსეთს ასევე მიიჩნევენ აგრესორად. ისინი რუსეთ-უკრაინის ომში უშუალოდ ჩაბმულები არ არიან, თუმცა კიევს ფინანსურად და იარაღით ეხმარებიან რუსული აგრესიისგან თავდაცვაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S