რუსმა დეპუტატმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
22/10/2022 14:00:18 მსოფლიო
რუსმა დეპუტატმა, ვლადივოსტოკის საქალაქო საკრებულოს წევრმა ვიქტორ კამენშიკოვმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. ამის შესახებ კანონმდებელი, რომელმაც სამშობლო უკრაინაში რუსეთის შეჭრისთანავე დატოვა, სოციალურ ქსელში იუწყება.
როგორც კამენშიკოვი აღნიშნავს, ცოტა ხნის წინ იგი საიმიგრაციო ციხიდან გამოუშვეს და ამჟამად ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში უკვე თავშესაფრის მფლობელის სტატუსით იმყოფება.
მიმდინარე წლის 19 მაისს, რუსეთის დატოვების შემდეგ კამენშიკოვი აშშ-მექსიკის საზღვარზე დააკავეს და საიმიგრაციო ციხეში გაამწესეს, რის შემდეგაც დეპუტატმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით განაცხადი შეიტანა.
აშშ-ის შესაბამის ორგანოებს ამასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ, ხოლო ვლადივოსტოკის საკრებულოს კომუნისტური პარტიის ფრაქციის ხელმძღვანელმა ანატოლი დოლგაჩოვმა განაცხადა, რომ მისმა ყოფილმა თანაფრაქციელმა კამენშიკოვმა "რუსეთის კომუნისტური პარტიის ღირსება შელახა და ქვეყნის ნამდვილი მოღალატეა".


