მედია: მოსკოვში შესაძლო დაბომბვებისთვის ემზადებიან
21/10/2022 19:27:46 მსოფლიო
მოსკოვის სოციალური დაცვის დეპარტამენტმა დაბომბვის შემთხვევებისთვის თავშესაფრების მოწყობაზე დაიწყო ზრუნვა, შეკვეთილია საგზაო ნიშნები, რომლებიც მოქალაქეებს თავშესაფრების ადგილმდებარეობას მიასწავლის, იუწყება გამოცემა The Village.
21 ოქტომბერს გამოცემა "ბაზა" ასევე იუწყებოდა რუსეთის დედაქალაქში თავშესაფრების ორგანიზების დაწყებაზე. მისივე მონაცემებით, თავშესაფრებს მოსკოვის საავადმყოფოებსა და პოლიკლინიკებში აწყობენ.

15 ოქტომბერს კი გამოცემა "Важные истории" იუწყებოდა, რომ მოსკოვის სხვადასხვა რაიონებში საცხოვრებელი კორპუსების ბინადრებს ავტოსადგომების მანქანებისგან გათავისუფლება მოსთხოვეს იმ ტერიტორიაზე თავშესაფრების მოსაწყობად.
იმავე პერიოდში მოსკოვის მერიაში თავის წყაროებზე დაყრდნობით ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებდა გამოცემა "SOTA". მისივე ინფორმაციით, კომუნალურ მეურნეობებს სარდაფების გათავისუფლების უზრუნველყოფა დაევალათ. დედაქალაქის მერიაში შიშობენ, საცხოვრებელი კორპუსების სარდაფები და სხვენები აფეთქებებისთვის არ იქნას გამოყენებული.


