ჩამოგდებულ რუსულ დრონებში შვედური საგზაო კამერები აღმოაჩინეს
21/10/2022 18:00:58 მსოფლიო
შვედეთში საავტომობილო ტრასებიდან საგზაო პოლიციის ფოტოკამერების ქურდობის ფაქტები გახშირდა, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო კი ირწმუნება, რომ ჩამოგდებულ რუსულ დრონებში მსგავსი მოდელის კამერებია აღმოჩენილი.
შვედურმა მხარემ დაადასტურა, რომ რუსულ დრონებში მოპარული კამერების გამოყენების შესახებ ინფორმაცია თავადაც გააჩნდა. როგორც შვედეთის სატრანსპორტო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ევა ლუნდბერგმა განაცხადა, ხშირ შემთხვევაში მძარცვლები ვიდეოკამერებიდან მხოლოდ ფოტოკამერებს იღებდნენ, აპარატურის სხვა ნაწილები კი - რადარები და პროცესორები ხელუხლებელი რჩებოდა.
ამ დღეებში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია, როგორ შლიან უკრაინელი სპეციალისტები ჩამოგდებულ რუსულ დრონ "ორლანს". საფრენი აპარატი კუსტარულადაა დამზადებული, კადრებში ჩანს, რომ მასში ჩამონტაჟებულია იმ ტიპის ფოტოკამერა რომლის ქურდობის ფაქტების გახშირებაზეც წინა პერიოდში შვედი სამართალდამცველები საუბრობდნენ. შვედეთის უსაფრთხოების პოლიციაში აცხადებენ, რომ ამასთან დაკავშირებით სადაზვერვო სამუშაოები წარმოებს, თუმცა დეტალების გამხელის უფლება ამ ეტაპზე არ აქვთ.
ცნობისთვის: უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მომენტიდან შვედეთმა ტრადიციულ ნეიტრალიტეტზე უარის თქმის გადაწყვეტილება მიიღო და NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი წარადგინა. გარდა ამისა, ქვეყანა შეუერთდა იმ მრავალრიცხოვან სანქციებს, რომელიც ევროკავშირმა რუსეთსა და ბელარუსს დაუწესა.


