მედია: ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესია რუსულს ავტოკეფალიას სთხოვს
21/10/2022 14:29:58 მსოფლიო
ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს მისთვის ავტოკეფალიის მინიჭების თხოვნით მიმართავს, ანუ რუსული ეკლესიისგან სრულ დამოუკიდებლობას ითხოვს. შესაბამისი გადაწყვეტილება 20 ოქტომბრის საეკლესიო კრებაზე იქნა მიღებული, - იუწყება Delfi და bb.lv კრების რიგ მონაწილეებზე დაყრდნობით.
გამოცემების წყაროების ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებას კრების 161 დელეგატიდან 160-მა დაუჭირა მხარი და მხოლოდ ერთმა მისცა წინააღმდეგ ხმა.
ცნობისთვის: პატრიარქისადმი მიმართვა აუცილებელია იმისათვის, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიიდან გასვლა ჩაითვალოს კანონიკურად.
მიმდინარე წლის 8 სექტემბერს, უკრაინის ომის ფონზე ლატვიის სეიმმა პრეზიდენტის წარდგინებით "ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ" კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოსგან ლატვიური ეკლესიის სრულ დამოუკიდებლობას მოიცავს.


