ევროკავშირი ზამთრისთვის უკრაინელი ლტოლვილების ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება
21/10/2022 13:26:21 მსოფლიო
რუსეთის მიერ უკრაინაში ენერგოობიექტების განადგურება ევროპაში ზამთრისთვის უკრაინელტა ახალი ნაკადის მოლოდინს აჩენს. ევროპის ქვეყნებმა მისთვის მზადება დაიწყეს.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ ევროპა ამის შესახებ ევროკავშირის ლიდერების ბოლო - ამ დღეებში გამართულ სამიტზეც გააფრთხილა.
"რუსეთის ტერორისტული მოქმედება ჩვენი ენერგოობიექტების წინააღმდეგ მიზნად ისახავს შემოდგომა-ზამთრის სეზონზე ქვეყანაში ელექტრომომარაგებისა და გათბობის კუთხით რაც შეიძლება მეტი პრობლემის შექმნას, რამაც შესაძლოა, თქვენი ქვეყნებისკენ ლტოლვილთა ახალი ნაკადი გამოიწვიოს. რუსეთის ტერორისტულმა სახელმწიფომ უკვე გააუარესა სოციალური პირობები თქვენს ქვეყნებში, ახლა კი სურს, ისინი კიდევ გააუარესოს და გადმოსახლების ტალღის პროვოცირება მოახდინოს" - მიმართა ევროპელ ლიდერებს ზელენსკიმ.
10 ოქტომბერს დაწყებულმა მასობრივმა რუსულმა დაბომბვებმა უკრაინაში ელექტროგენერაციის სიმძლავრეების დაახლოებით 30% გაანადგურა. შედეგად კიევსა და სხვა უკრაინულ ქალაქებში, ელექტრომომარაგების გრაფიკი შემოიღეს, დედაქალაქ კიევის რიგ რაიონებში პრობლემებია წყალმომარაგების კუთხითაც.
შექმნილი ვითარების ფონზე ევროკომისიას ანტიკრიზისულ სამიგრაციო პოლიტიკაში კორექტივები შეაქვს. მთლიანობაში კი ევროკომისიაში დარწმუნებულები არიან ევროპის მზაობაში, ზამთრის სეზონისთვის უკრაინელი ლტოლვილების შესაძლო ახალი ნაკადი მიიღოს.
როგორც სამიტის დაწყებამდე ესტონეთის ორემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, ევროპა უნდა ემზადოს "უმძლავრესი მიგრაციული წნეხისათვის".
"ჩვენ უნდა ვ იპოვოთ გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინას თავისი ინფრასტრუქტურის აღდგენასა და დაცვაში დაეხმარება. ამისათვის კი საჭიროა, NATO-ს წევრმა ქვეყნებმა კიევს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ყველა აუცილებელი საშუალება მიაწოდოს" - დასძინა მან.


