ერდოღანი: პუტინმა უკრაინასთან დიალოგის საკითხში პოზიცია შეარბილა
21/10/2022 12:58:58 პოლიტიკა, მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მისმა რუსმა კოლეგამ ვლადიმერ პუტინმა "უკრაინასთან დიალოგის საკითხში პოზიცია შეარბილა".
"პუტინი გაცილებით რბილია და ღია კიევთან მოლაპარაკებებისთვის, ვიდრე მანამდე. ვნახოთ, რას მოგვიტანს ეს ორივე ლიდერთან სატელეფონო საუბრებისას, რომლებიც უახლოესი დღეებისთვისაა დაგეგმილი" - განაცხახა რუსული მედიის ინფორმაციით, ერდოღანმა.
თურქეთის ლიდერის მტკიცებით, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან საუბრისას მან ასევე "იგრძნო მზაობა საკითხის გადასაწყვეტად და ამ კუთხით წინაღობების არარსებობა".
"ჩემი უკრაინელი და რუსი კოლეგების შეხვედრის ორგანიზების იმედს არ ვკარგავ. აქ წაგებული არავინ იქნება" - დასძინა თურქმა ლიდერმა.
თავის მხრივ კრემლში განაცხადეს, რომ უახლოესი დღეებისთვის პუტინის სამუშაო განრიგში თურქეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი არ ფიქსირდება. თუმცა როგორც პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, "პუტინი და ერდოღანი ხშირად საუბრობენ და ხანდახან ეს საუბრები სულ რამდენიმე საათით ადრე იგეგმება".
რაც შეეხება ერდორანის განცხადებას პუტინის პოზიციის შერბილების თაობაზე, როგორც პესკოვმა აღნიშნა, "რუსეთის პრეზიდენტი დასაბამიდანვე ჯერ კიდევ ომამდე ისწრაფვოდა დარეგულირებისკენ, დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამდა გაზაფხულზეც, როცა უკრაინასა და რუსეთს შორის გასაფორმებელი შეთანხმების ტექსტის ფაქტობრივი შეთანხმება მოხერხდა".
"ამდენად, პუტინის პოზიციის ცვლილებაზე აქ საუბარი არ შეიძლება. ერთადერთი, რაც შეიცვალა, ეს უკრაინული მხარის პოზიციაა: სადღეისოდ უკრაინული კანონმდებლობა რუსეთთან ყოველგვარ მოლაპარაკებებს კრძალავს" - დასძინა მან.
ცნობისთვის: უკრაინაში რუსეთის შეჭრის მომენტიდან დღემდე პრეზიდენტმა ზელენსკიმ პუტინს შეხვედრის გამართვა 4-ჯერ შესთავაზა, თუმცა მოსკოვი მუდმივად უარით პასუხობდა და ამას იმით ხსნიდა, რომ "ორი ქვეყნის პრეზიდენტების მიერ განსახილველად არ არსებობდა კონკრეტული საკითხები". თუმცა ზაფხულის ბოლოს, როდესაც უკრაინამ ფრონტზე წარმატებების დემონსტრირება დაიწყო, პუტინმა პოზიცია შეიცვალა და ერდორანის მეშვეობით მიანიშნა უკრაინულ მხარეს, რომ არ იქნებოდა წინააღმდეგი ზელენსკისთან შეხვედრის. მაგრამ ამჯერად უკვე კიევმა წაუყენა მოსკოვს უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების სრულად გაყვანის პირობა. გარდა ამისა, ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუკი რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმებს ჩაატარებდა და მათ ანექსირებულად გამოაცხადებდა, ეს ყოველგვარი მოლაპარაკებების შესაძლებლობას წერტილს დაუსვამდა. მას შემდეგ რაც რუსეთმა ხსენებული ტერიტორიების ანექსია გამოაცხადა, ზელენსკიმ გამოსცა ბრძანებულება პუტინის მმართველობის პერიოდში მოსკოვთან ყოველგვარი მოლაპარაკებების აკრძალვის თაობაზე. საპასუხოდ პუტინმა დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების ანექსიის გაფორმების დღეს კიევს "ყველა საბრძოლო მოქმედების დაუყოვნებელი შეწყვეტისა და მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაბრუნებისკენ" მოუწოდა.


