უკრაინა რუსეთს ხერსონში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემთხვევაში "ძლიერი პასუხით" ემუქრება
21/10/2022 11:39:10 მსოფლიო
უკრაინა რუსეთს ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემთხვევაში "ძლიერი პასუხით" ემუქრება. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა გააკეთა.
"რუსი ტერორისტები აგონიაში არიან. ბირთვულმა შანტაჟმა არ გაამართლა. ახლა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებით ცდილობენ ყველას შეშინებას. მათი მიზანია გვაიძულონ, დავიწყოთ მოლაპარაკებები მათ პირობებზე. მაგრამ ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ. უკრაინა მშვიდობას იძულებით არ დაემორჩილება. ამ შანტაჟზე სწორი პასუხია უფრო მკაცრი სანქციები, ჩვენი ტერიტორიების შემდგომი დეოკუპაცია, მეტი იარაღი და კიდევ უფრო მკაცრი პოზიცია რუსეთის ყოველი დანაშაულის მიმართ. ისინი ვერ გაგვტეხენ. ჩვენ კიდევ უფრო ძლიერად ვუპასუხებთ", – აცხადებს ერმაკი.
20 ოქტომბერს ამერიკულმა ანალიტიკურმა ცენტრმა "ომის შემსწავლელი ინსტიტუტმა" (ISW) არ გამორიცხა, რომ "რუსეთი ამზადებდეს დარტყმას მის მიერ ოკუპირებულ ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე, რასაც მოგვიანებით უკრაინას დააბრალებს".
"შესაძლოა, რუსული სარდლობა ვარაუდობდეს, რომ კაშხლის ჯებირის დანგრევის შედეგებით გადაფარავს მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფების უკან დახევას და აღკვეთს, ან შეანელებს უკრაინის ჯარების წინსვლას", – აცხდებდა ISW.
ISW ყურადღებას ამახვილებდა რუსეთის წარმომადგენლების საჯარო განცხადებებზე, რომლის თანახმად, "კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე დარტყმას უკრაინის არმია აპირებს".


