პენტაგონი წლის ბოლომდე ტაივანზე ჩინეთის თავდასხმას არ გამორიცხავს
21/10/2022 10:25:37 მსოფლიო
ამერიკელი სამხედროები მზად უნდა იყვნენ წლის ბოლომდე ტაივანში ჩინეთის შესაძლო შეჭრისათვის, - განაცხადა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ოპერაციების სარდალმა, ადმირალმა მაიკლ გილდეიმ.
ასე გამოეხმაურა იგი ჩინეთის ლიდერ სი ძინპინის განცხადებას წლის ბოლომდე ტაივანის მიერთების თაობაზე.
"საქმე მარტო ამ განცხადებაში არ არის, საქმე იმაშია, თუ როგორ იქცევიან და რას აკეთებენ ჩინელები: ბოლო 20 წლის განმავლობაში ისინი სისტემატიურად ასრულებდნენ დანაპირებს. ამდენად, როცა ვსაუბრობთ 2027 წლის ფანჯარაზე, ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს 2022 ან შესაძლოა 2023 წლის ფანჯარა" - განაცხადა გილდეიმ ატლანტიკური საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვისას.
"მე ამას არ გამოვრიცხავ. არ მინდა, პანიკა ვთესო, მაგჰრამ მსგავსი ალბათობა არსებობს და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ" - განაცხადა ადმირალმა.
ცნობისთვის: ამასწინათ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას სი ძინპინმა "ტაივანის საკითხის გადაჭრის" გეგმის შესახებ განაცხადა. "ჩვენ გავაგრძელებთ მაქსიმალურ ძალისხმევას ჩვენი სამშობლოს ერთიანობის მშვიდობიანი გზით მიღწევის მიმართულებით, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არავის დავპირდებით, რომ საჭიროების შემთხვევაში არ გამოვიყენებთ ძალას და ვიტოვებთ უფლებას, გჰადავდგათ ყველა საჭირო ნაბიჯი" - განაცხადა ჩინეთის ლიდერმა, რომელსაც ქვეყნის სათავეში უკვე მესამე ხუთწლედი ეწყება. თავის მხრივ ტაივანის უსაფრთხოების მაღალჩინოსნებმა საპასუხოდ განაცხადეს, რომ პეკინის ნებისმიერი მცდელობა, კუნძულზე შეიჭრას, ჩინეთს საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცევს.


