"პატივს ვცემთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას": ირანი რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას კვლავ არ ადასტურებს
21/10/2022 09:24:22 მსოფლიო
რუსეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიუხედავად, ირანი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ, CNN-ის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰუსეინ ამირ‑აბდოლაჰიანმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ირანის მხრიდან რუსეთისთვის დრონების მიწოდება უარყო.
„თეირანის პოლიტიკა უკრაინის ომთან დაკავშირებით არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. ირანი არ უგზავნის იარაღს უკრაინაში მეომარ მხარეებს და სურს ომის დასრულება და ხალხის იძულებითი გადაადგილების დასრულება“, - აღნიშნა ჰუსეინ ამირ‑აბდოლაჰიანმა.
მისი მტკიცებით, ირანის ისლამური რესპუბლიკა ცდილობს, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები დიპლომატიური გზით შეაჩეროს და ევროპელებს ურჩევს, ეს საკითხი რეალისტური მიდგომით განიხილონ.
***
ამერიკის შეერთებული შტატების ინფორმაციით, ირანელი სამხედროები ყირიმში რუსულ ძალებს ირანული წარმოების დრონების გამოყენებაში ეხმარებიან.
"შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ ყირიმში განლაგებულ რუს სამხედრო პერსონალს ირანი ირანული უპილოტო საფრენი აპარატების პილოტირებაში ეხმარება. რუსეთი დრონებს უკრაინაში კინეტიკური დარტყმების განსახორციელებლად იყენებს, მათ შორის ბოლო დღეებში კიევზე თავდასხმებისთვის". - აღნიშნა აშშ-iს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისიმ.
ბოლო კვირებში რუსეთი უკრაინაში აქტიურად იყენებს ირანული წარმოების ე.წ. კამიკაძე დრონებს. ამ შეიარაღების რუსეთისთვის მიწოდებას უარყოფენ თეირანსა და მოსკოვში.
ბრიტანეთის საგარეო უწყებას აღნიშნული აქვს, რომ რუსეთი ირანულ დრონებს იყენებს როგორც კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ისე სამოქალაქო სამიზნეებზე თავდასხმისთვის და უკრაინელ ხალხს ტოვებს ენერგომომარაგების გარეშე.
სანქციები შეეხოთ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მეთაურს, უპილოტო საფრენი აპარატების პროგრამის ხელმძღვანელს, ბრიგადის გენერალ საიდ აღაჯანის, გენერალ-მაიორ მოჰამად ჰოსეინ ბაღერის, რომელიც რუსეთისთვის დრონების გადაცემას კურირებდა და ბრიგადის გენერალ სეიედ ჰოჯათოლა ყურეიშის, რომელმაც რუსეთისთვის დრონების მიწოდების შეთანხმებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ამ სამ პირს ეყინებათ აქტივები და ეკრძალებათ გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე გადაადგილება.
სამი მაღალი რანგის სამხედროს გარდა, სანქციები დაუწესდა შაჰედის საავიაციო ინდუსტრიასაც, კომპანიას, რომელიც Shahed-136-ის ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს.
20 ოქტომბერს დიდმა ბრიტანეთმა სამ ირანელ გენერალსა და ერთ კომპანიას რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების გამო სანქციები დაუწესა.
19 ოქტომბერს ირანს, ამავე მიზეზით, სანქციები დაუწესა ევროკავშირმაც, ხოლო სანქცირების აშშ-მ მზადყოფნა გამოთქვა.


