ხერსონში ანტონოვის ხიდი კვლავ დაიბომბა
21/10/2022 08:49:14 მსოფლიო
უკრაინელმა სამხედროებმა ღამით ხერსონში ანტონოვის ხიდს კვლავ შეუტიეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება და იქვე დასძენს, რომ დარტყმის მომენტისთვის ხიდის სიახლოვეს აგებულ გადასასვლელზე რუსი სამხედროები და ტექნიკა გადაადგილდებოდნენ. როგორც მედია აღნიშნავს, ეს მიდამოები დარტყმამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ სერგეი კირიენკომ და ანექსირებული ყირიმის ლიდერმა სერგეი აქსიონოვმა მოინახულეს.
სარაკეტო დარტყმის შესახებ იუწყებიან რიგი რუსული და უკრაინული მედიასაშუალებებიც.
როგორც მომხდართან დაკავშირებით ხერსონის რუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ კირილ სტრემოუსოვმა განაცხადა, გადასასვლელზე დარტყმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 10-მდე დაშავდა. ამასთან, მისივე მტკიცებით დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის არიან ადგილობრივი პრორუსი ჟურნალისტებიც.
ცნობისთვის: ანტონოვის ხიდი, რომელიც ხერსონს მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირთან აკავშირებს, უკრაინელების ხშირი სამიზნეა, ხიდის სერიოზული დაზიანების შემდეგ რუსებმა მის გასწვრივ საბორნე გადასასვლელი მოაწყვეს, რომლის გამოყენებითაც ბოლო დღეებში ხერსონის მკვიდრთა დნეპრის მარცხენა ნაპირზე ევაკუაციას ახორციელებენ. ოფიციალურად დასახელებული მიზეზი უკრაინელების მიერ ხერსონზე შეტევის მზადებაა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წინა დღეებში განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ფლობს ინფორმაციას რომ რუსებმა ხერსონის ოლქში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის დამბა დანაღმეს და უკან დახევისას შესაძლოა, ააფეთქონ. თავის მხრივ რუსული მხარე ამაში უკრაინულს ადანაშაულებს. პარასკევს დილით ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ადმინისტრაციებმა ამ ქალაქების რუსების მიერ დაბომბვის შესახებ განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, ზაპოროჟიეში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა, მოსახლეობიდან არავინ დაშავებულა, ხოლო ხარკოვში დაზიანდა სამრეწველო ობიექტი, დაშავდა 6 ადგილობრივი მოსახლე.


