
უკრაინაში მებრძოლი ედიშერ კვარაცხელია წალენჯიხაში სამხედრო პატივით დაკრძალეს
20/10/2022 13:57:10 საზოგადოება
უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი 44 წლის ედიშერ კვარაცხელია მშობლიურ წალენჯიხაში, სამხედრო პატივით დაკრძალეს. მანამდე გაიმართა სამოქალაქო პანაშვიდი.
მის ხსოვნას ახლობლებთან და მეგობრებთან ერთად პატივი მიაგეს ადგილობრივი მერიის წარმომადგენლებმა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წევრებმა და ადგილობრივებმა. ქართველი მებრძოლისთვის პატივის მისაგებად წალენჯიხაში ჩავიდა უკრაინის სამხედრო ატაშე საქართველოში, გენერალ-მაიორი სერგეი კრავჩუკი.
ედიშერ კვარაცხელიას სახლის ეზოში დღეს მისმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა პროტესტის ნიშნად რუსეთის დროშა დაწვეს.
ედიშერ კვარაცხელია 10 ოქტომბერს დაიღუპა. მებრძოლის ცხედარი საქართველოში 15 ოქტომბერს ჩამოასვენეს. ის უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა, იყო 25-ე ცალკეული მოტომსროლელი დივიზიის, "КИЇВСЬКА РУСЬ-ის", წევრი, მონაწილეობდა ასევე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.
რუსეთის მიერ უკრაინაში 24 თებერვალს გაჩაღებულ ომში 20 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.