"2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმება სომხეთის ტერიტორიის გავლით დერეფანს არ ითვალისწინებს"
20/10/2022 09:47:26 მსოფლიო
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანთან მოლაპარაკების შემთხვევაში სომხეთი მზადაა, გაიყვანოს ახალი გზები, მაგრამ 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივ შეთანხმებაში არაფერია ნათქვამი სომხეთის ცალმხრივი ვალდებულების შესახებ, რომ აზერბაიჯანის დასავლეთი რაიონების ნახჭევანის რეგიონთან დასაკავშირებლად გზებს გაიყვანს.
"თუ ბაქო დათანხმდება, სომხეთი თავისი კანონმდებლობის შესაბამისად, გაიყვანს თავის ტერიტორიაზე გზას",– წერს ფაშინიანი სოციალურ ქსელში.
„შეუძლია ვინმეს მოძებნოს „დერეფნის“ ხსენება 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივ შეთანხმებაში, როცა ლაპარაკია სომხეთის ტერიტორიაზე? რა თქმა უნდა, არა. არის თუ არა ნახსენები „დერეფანი“ 9 ნოემბრის სამმხრივ განცხადებაში? დიახ, ეს არის ლაჩინის დერეფანი მთიან ყარაბაღში, სიტყვა ერთადერთხელ არის ნახსენები", - დაწერა ფაშინიანმა და აღნიშნა, რომ "სომხეთი თავის ვალდებულებებს ასრულებს".
მისი თქმით, სომხეთი მზად არის, გახსნას სამი გამშვები პუნქტი ვალდებულებების შესასრულებლად. ერევნის წინადადებას სამი გამშვები პუნქტის გახსნის შესახებ ბაქომ „არარეალური“ უწოდა.
ფაშინიანის განცხადებით, "აზერბაიჯანმა თვეების განმავლობაში არ უპასუხა სომხეთის წინადადებას, გახსნილიყო გამშვები პუნქტები აზერბაიჯანსა და ნახჭევანს შორის კავშირის უზრუნველსაყოფად". უფრო ადრე ბრიუსელში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ "ბაქო სომხეთისგან ითხოვს ზენგეზურის დერეფანზე, ლაჩინის მსგავსად, შეუზღუდავ წვდომას". ხოლო სტამბოლში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ თქვა, რომ სომხეთმა ჯერ კიდევ უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება და „ზანგეზურის დერეფანი ახსენა.“ ჩავუშოღლუს თქმით, „ზანგეზურს და ლაჩინს ერთნაირი სტატუსი უნდა ჰქონდეთ.“


