
იაშვილის ბავშვთა საავადმყოფო სტაციონარული პაციენტების მიღებას დროებით აჩერებს: „რამდენიმე დეპარტამენტი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს“
20/10/2022 08:48:08 საზოგადოება
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო დროებით აჩერებს მხოლოდ სტაციონარული პაციენტების მიღებას, თუმცა ამბულატორიული და ონკოლოგიური განყოფილებები ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. პედიატრიული პაციენტებისთვის იმოქმედებს სპეციალურად შექმნილი 24-საათიანი "ცხელი ხაზი": 2 600 600.
როგორც კლინიკის დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, ეს დაკავშირებულია როგორც სარემონტო სამუშაოებთან, ასევე რეგულირების სააგენტოს დასკვნასთან.
„ვადასტურებთ, რომ ღამის 12 საათიდან იაშვილი სტაციონარულ პაციენტეს აღარ იღებს. ეს დაკავშირებულია პირველ რიგში კლინიკაში მიმდინარე მასშტაბურ სარემონტო სამუშაოებთან. რეგულირების სააგენტოს დასკვნისა და ჩვენი რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით, იაშვილის რამდენიმე დეპარტამენტი, რეალურად ვერ აკმაყოფილებს იმ თანამედროვე მოთხოვნებს, რაც სჭირდება სამედიცინო სერვისის განხორციელებას ქვეყანაში", – აცხადებს ჩხაიძე.
მისი თქმით, რამდენიმე დეპარტამენტისთვის რემონტი გადაუდებელი საჭიროებაა. ჟურნალისტის კითხვაზე, უკავშირდება თუ არა პაციენტების მიღების შეწყვეტა ინფექციის კონტროლის პრობლემას, მან შემდეგი განაცხადა:
„სარემონტო სამუშაოების უკან და ინფრასტრუქტურული პრობლემის უკან რეალურად დგას ინფექციის კონტროლი".
რაც შეეხება ბავშვების სხვა კლინიკებში გადაყვანის საკითხს, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ამ საკითხთან ექნებათ კომუნიკაცია და „გადაწყვეტილება იქნება ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე".