რუსი დიპლომატი: "თუ გაერო ჩამოგდებული "დრონების" გამოსაკვლევად უკრაინაში ექსპერტებს გაგზავნის, ორგანიზაციასთან თანამშრომლობის საკითხს გადავხედავთ"
20/10/2022 06:55:02 მსოფლიო
რუსეთი უკრაინაში ირანული "დრონების" გამოყენებას უარყოფს და გაერო–სთან ურთიერთობის გადაფასებით იმუქრება. შესაბამისი განცხადება გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ დმიტრი პოლიანსკიმ გააკეთა.
"დასავლეთის სახელმწიფოთა განცხადებები, რომ რუსეთი ირანისგან იღებს უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებსაც უკრაინის წინააღმდეგ იყენებს, დეზინფორმაციაა. დასავლეთის ქვეყნების მიზანია გამოგონილი საბაბით ზეწოლა მოახდინონ რუსეთსა და ირანზე და ყურადღება გადაიტანონ უკრაინის კონფლიქტში თავად მათი ჩართულობიდან. გაერო–ს უშიშროების საბჭოს არ მიუღია არანაირი მტკიცებულება, რომ ირანმა რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატები გადასცა", – აცხადებს პოლიანსკი.
რაც შეეხება გაეროსადმი უკრაინის მიმართვას, რომ ორგანიზაციის ექსპერტებმა გამოიძიონ რუსეთის მიერ ირანული უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება, პოლიანსკის თქმით, თუ გაეროს სამდივნო და გენერალური მდივანი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რუსეთი მათთან ურთიერთობებს გადააფასებს.
„ეს არავის ინტერესებს არ პასუხობს, ჩვენ ეს არ გვინდა, მაგრამ სხვა არჩევანი არ იქნება“, - განაცხადა რუსმა დიპლომატმა. მან გამოძიებისთვის წინააღმდგეობის გაწევა იმით ახსნა, რომ "გაერო–ს სამდივნოს შესაბამისი მანდატი არ გააჩნია".
რუსი დიპლომატი ირწმუნება, რომ მისი ქვეყანა მხოლოდ ადგილობრივი წარმოების დრონებს იყენებს.
უკრაინის და დასავლეთის სახელმწიფოთა დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს ირანული წარმოების ე.წ. კამიკაძე-დრონებს Shahed-136, რომლებსაც რუსეთმა სახელი შეუცვალა და „გერანი-2“ დაარქვა. რუსეთი და ირანი ამას უარყოფენ.


