ერდოღანი: "პუტინმა თქვა, რომ ევროპას შეუძლია, გაზი თურქეთის გავლით იყიდოს"
19/10/2022 11:44:31 მსოფლიო
დღეს ევროპის ქვეყნები აქტიურად ეძებენ გაზის შესყიდვის გზებს, თურქეთს კი მსგავსი პრობლემები არ აქვს,– განაცხადა, თურქული მედიის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოთხშაბათს ანკარაში მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის შეხვედრაზე.
როგორც ერდოღანმა აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ბოლო შეხვედრაზე გაზის საკითხზე კონსენსუსი იქნა მიღწეული.
„ახლა ევროპა ფიქრობს იმაზე, თუ როგორ უზრუნველყოს საკუთარი თავი ენერგიით მომავალ ზამთარს. საბედნიეროდ, თურქეთში მსგავსი პრობლემა არ არის. მეტიც, იმედი მაქვს, რომ თურქეთი გახდება ბუნებრივი გაზის მიწოდების ცენტრი. პუტინთან ბოლო შეხვედრაზე ჩვენ შევთანხმდით თურქეთში გაზის ჰაბის შექმნაზე. პუტინმა თავადაც თქვა, რომ ევროპა შეძლებს ბუნებრივი აირის მიღებას თურქეთის გავლით“, — განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთში გაზის ჰაბის შექმნის იდეა ერდოღანს 13 ოქტომბერს ასტანაში გამართულ მოლაპარაკებებზე ვლადიმერ პუტინმა შესთავაზა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ასეთი კერა შეიძლება, გახდეს არა მხოლოდ გაზის გაყიდვის ადგილი ევროპის ქვეყნებში, „თუ ისინი დაინტერესდებიან ამით“, არამედ საწვავის ფასების დადგენის პლატფორმაც.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღეს განაცხადა, რომ 2022 წლის თებერვლიდან ევროკავშირის ქვეყნებმა მნიშვნელოვნად, 2/3-ით შეამცირეს რუსულ გაზზე დამოკიდებულება:
„გაზაფხულზე ვივარაუდეთ, რომ რუსული გაზის უარის თქმა შვიდი წელი დასჭირდებოდა. დღეს ფაქტია, რომ ორი მესამედის ჩანაცლებისთვის მხოლოდ რვა თვე დაგვჭირდა. ანუ საგრძნობლად დავაჩქარეთ გაზის სხვა უცხოურ მომწოდებლებზე გადასვლა, მაგრამ ამისთვის მაღალი ფასის გადახდა მოგვიწია“.


