
რა პოზიცია აქვს ოფიციალურ თბილისს სირიაში თურქეთის მიერ წარმოებულ სამხედრო ოპერაციაზე
17/10/2019 16:14:28 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო აქტიურად აკვირდება სირიაში განვითარებულ მოვლენებს. ამის შესახბ მან დასმული კითხვის საპასუხოდ პარლამენტში განაცხადა.

“ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს. ძალიან მგრძნობიარე საკითხია. ასევე, ვაცნობიერებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, თურქეთის ინტერესს, რომ მის საზღვრებთან უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოების გარემო. ამავე დროს, დაინტერესებული ვართ, რომ ორ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს – თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს – შორის, იყოს მიღწეული შეთანხმება, რადგანაც ეს დიდწილად განაპირობებს რეგიონში შემდგომ უსაფრთხოებას”, – განაცხადა ზალკალიანმა.
საგარო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ მთავრობა აანალიზებს სირიაში თურქეთის ოპერაციის გავლენებს საქართველოზე, როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების კუთით:
“ყველა უწყება, რომელიც არის პასუხისმგებელია ამაზე, როგორც ეკონომიკური მიმართულებით, ისე უსაფრთხოების კუთხით, მუდმივი მონიტორინგის და კონსულტაციების რეჟიმში ვართ საერთაშორისო პარტნიორებთან, როგორც თურქეთთან, ისე ამერიკასთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან”.
შეგახსენებთ, რომ სახედრო ოპერაცია თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში 9 ოქტომბერს დაიწყო და განმარტა, რომ მიზანი თურქეთ-სირიის საზღვარზე 30 კმ-იანი უსაფრთხო ზონის შექმნა და ამ ზონაში სირიდან დევნილი მოსახლეობის დაბრუნებაა. ოპერაციის ზონიდან აშშ-მა სამხედროები გაიყვანა, რასაც თავად აშშ-ში კრიტიკა მოჰყვა. საერთაშორისო საზოგადოება თურქეთს სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.